რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის წევრების შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეგიონული საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებებისგან ინფორმაცია მიიღო და შესაბამისი დავალებები გასცა. შტაბის შეხვედრაზე ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა და მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია შტაბის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.
„მუნიციპალიტეტში ქალაქის და სოფლების გზები თოვლის საფარისგან გაიწმინდა. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, გზების გაწმენდის პროცესში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ზუგდიდის ფილიალის მთავარი ინჟინრის ლადო ჩალიგავას ცნობით, ამ დროისთვის ზუგდიდის 26 სოფლის გარკვეული უბნებია დარჩენილი ელექტრო ენერგიის მომარაგების გარეშე, რომელთა უმეტესობაში ელექტრო ენერგიის მიწოდება დღის განმავლობაში აღდგება. დაზიანებული ადგილების უმეტესობა „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ტექნიკოსების მიერ იდენტიფიცირებულია. მუნიციპალიტეტში აღდგენით სამუშაოებზე 9 ეკიპაჟი მუშაობს.
25 თებერვალს, მუნიციპალიტეტში უამინდობასთან დაკავშირებით, სასწავლო პროცესი შეწყდა 7 საჯარო სკოლაში (ჯუმის, აბასთუმნის, ახალსოფლის, ოდიშის #1, ნარაზენის, ცაიშის და ქალაქის N8საჯარო სკოლა). დანარჩენ სკოლებში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. ასევე 23 საბავშვო ბაღში შეწყდა აღმზრდელობითი პროცესი, რადგან ამინდის გაუარესების გამო არ გამოცხადდნენ ბავშვები.
დიდთოვლობასთან დაკავშირებით, შექმნილია როგორც რეგიონული, ასევე მუნიციპალური ცხელი ხაზები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.