სამხატვრო აკადემიაში პირველობისთვის დაპირისპირება გრძელდება

  14 ოქტომბერს სამხატვრო აკადემია ახალ რექტორს ირჩევს. მხარეები ერთმანეთს სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ და აცხადებენ, რომ სისტემა მხოლოდ რექტორისა და ადმინისტრაციის ინტერესებზეა მორგებული. არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 2 კანდიდატს მიეცა – გია გუგუშვილს და ნანა იაშვილს. სტუდენტები კი რეალურ ცვლილებებს და სტუდენტებზე ორიენტირებულ აკადემიას ითხოვენ.
რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით რექტორობის კანდიდატებმა და მესამე მხარემ, რომელსაც სტუდენტები და აკადემიკოსები წარმოადგენენ, საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ აღნიშნა, აკადემიას სტაგნაციის ნიშნები დაეტყო, და თუკი იქ ვინმე ოდნავ მოაზროვნე და მოწინავე იყო, ყველა გააგდეს.
„კარგა ხანია, აკადემიას სტაგნაციის ნიშნები დაეტყო. არ ვიღებით ხმას, მაგრამ ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო, როცა ჩატარებული კონკურსის შესახებ გავიგეთ, რომელიც რექტორების შერჩევის საკითხს უსწრებდა. კერძოდ, თუკი ვინმე ოდნავ მოწინავე თუ მოაზროვნეა მხატვრობაში, ვატო წერეთელი, ლუიზა ლაფერაძე თუ სხვები, ყველანი სხვადასხვა მიზეზით გააგდეს აკადემიიდან. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს გია ეძგვერაძეს, რომელიც მსოფლიოში აღიარებული მხატვარია და საუკეთესოთა ჩამონათვალში შედის. დღევანდელ კანდიდატებს კი მის გვერდით ვერც დააყენებ“, – აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.

მან რექტორობის კანდიდატებს, რომელთაგან ერთ-ერთი – ნანა იაშვილი დღესაც აკადემიის თანამშრომელია, პროგრამაც დაუწუნა.
„ მათ პროგრამებში საუბარია ნოვაციებსა და სიახლეებზე, თუმცა ეს რაში გამოხატება, არავინ იცის. თუ მათ ნოვაცია და სიახლე უნდათ, როგორ შეიძლება არ გინდოდეს ვატო წერეთელი, გია ეძგვერაძე ან სხვები. მე გამომძიებელი არ ვარ და ვერ ვიტყვი, ვინ დგას ამის უკან და ვინ არის კრიმინალი, თუმცა სისტემა არის რეტროკრატიული, რუსული აკადემიიდან გადმოტანილი, და ისინი ამ სისტემაში თავს კარგად გრძნობენ. არსებულ კანდიდატებს ყველა ჩემ მიერ დასახელებული კანდიდატი სჯობს“,- განაცხადა ხოშტარიამ.

როგორც გოგი ხოშტარიამ აღნიშა, მას არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კულტურის მინისტრთან შეხვედრაც სურდა, თუმცა, ვერ მოხერხდა: „მცდელობა მქონდა, კულტურის მინისტრსაც შევხვდეროდი. მისმა თანაშემწემ მითხრა, რა საკითხზე რეკავთო. გეკითხებით, რა საკითხებზე უნდა დაერეკა გოგი ხოშტარიას სამინისტროში. 1 კვირა პასუხი არ მიმიღია. მეორე კვირას დამიკავშირდნენ და მითხრეს, მინისტრი ვერ შეგხვდებათ და მოადგილეს – მანანა ბერიკაშვილს შეხვდითო. რაზე უნდა მელაპარაკა მანანა ბერიკაშვილთან, გამაგებინეთ, რა უნდა ველაპარაკო ბერიკაშვილს მხატვრობაზე?“

ხოშტარიას შეფასებით, 14 ოქტომბრის არჩევნებით აკადემიაში არაფერი შეიცვლება: „ცვლილებებს არ ველოდები. შესაძლოა, მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები იყოს. ანგარიშსწორებები კი იქნება.“

რაც შეეხება სტუდენტების მოლოდინს, არჩევნებს ისინიც სკეპტიკურად უყურებენ და ცვლილებების იმედი არ აქვთ. როგორც ნატა ნებიერიძემ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, აკადემია ჯერ კიდევ სსრკ-ს სტანდარტებს მიჰყვება:
„აკადემიაში პრობლემები დიდი ხანია არსებობს. რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, დღემდე არ დასმულა კითხვა, როგორ უნდა ისწავლებოდეს ხელოვნება. ისე უნდა ვისწავლოთ, როგორც სსრკ გვთავაზობდა თუ რამე არის შესაცვლელი? დღევანდელი სისტემა არის საბჭოთა სისტემა, რომელიც მორგებულია რექტორატსა და ადმინისტრაციიის ინტერესებზე, შემდეგ პროფესურაზე, რომლებიც ასევე ცუდ დღეში არიან და ბოლოს – სტუდენტზე. სტუდენტების ინტერესებისთვის არაფერი ხდება. რექტორობის კანდიდატებს იმიტომ არ ვენდობით, რომ გამოცდილება არც ერთს აქვს და არც გადაფასება მოუხდენიათ, როგორ შეიძლება ხელოვნება ისწავლებოდეს.“
მისივე თქმით, სტუდენტებმა არაერთი საპროტესტო აქცია მოაწყვეს და საკუთარი კანდიდატურაც დაასახელეს, თუმცა, ის დაიბლოკა: 
„სტუდენტებმა გაზაფხულიდან დავიწყეთ აქციები და აკადემიაში ფუნდამენტურ ცვლილებებს ვითხოვდით. გვინდოდა ისეთი ადამიანი, ვინც ამას შეძლებდა. დავასახელეთ მსოფლიოში აღიარებული მხატვარი გია ეძგვერაძე, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ეს კანდიდატურა გაზაფხულზე დავასახელეთ, თუმცა აკადემიამ მაისში დებულება შეცვალა და ისეთი პუნქტი ჩაწერეს, რომ ეძგვერაძე არჩევნებს გამოეთიშა. ეს ყველაფერი კი ეძგვერაძის დასაბლოკად გაკეთდა. დებულებაში ჩანაწერით კი კანდიდატი აქტიური დარგობრივი პროფესორი უნდა ყოფილიყო. ასე რომ,  14 ოქტომბრის არჩევნებით აკადემიაში არანაირი სისტემური ცვლილებები არ იქნება. მაქსიმუმ, რაც მათ შეუძლიათ, არის ზედაპირული და კოსმეტიკური ცვლილებები.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები