ევროკავშირი უკრაინას წიაღისეულის საკუთარ გარიგებას სთავაზობს
ევროკომისარმა ინდუსტრიული სტრატეგიის საკითხებში, სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ მან უკრაინელ ოფიციალურ პირებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების შესახებ საკუთარი შეთანხმება შესთავაზა.
„ევროპის დამატებული ღირებულება არის ის, რომ ჩვენ არასოდეს მოვითხოვთ გარიგებას, რომელიც არ არის ორმხრივად მომგებიანი“, – აცხადებს სტეფან სეჟორნე.
ევროკომისრის თქმით, ევროპისთვის საჭირო 30 „კრიტიკულად მნიშვნელოვანი მასალიდან“ 21 შეიძლება უკრაინამ უზრუნველყოს, „ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის“ ფარგლებში.
ევროპული შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ევროკავშირის წინადადება მოდის უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების განხილვის ფონზე.
ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, პირველი, ვინც სამხედრო დახმარების სანაცვლოდ უკრაინაში იშვიათი ლითონების მოპოვებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის იდეა გაახმოვანა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იყო. ამ წინადადებით აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაინტერესდა, რომელმაც გარიგების ფარგლებში, კიევისგან 500 მილიარდი დოლარის ანაზღაურება მოითხოვა, რომელიც, მისი თქმით, ვაშინგტონმა უკრაინის მხარდასაჭერად უკვე დახარჯა.