“გურიასა და აჭარაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ჩასული „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დამატებითი ჯგუფები, რამდენიმე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ”, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც კომპანია იტყობინება, გზებზე დიდთოვლობის გამო, სპეციალურ ტექნიკას გადაადგილება უჭირს და, უმეტესად, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა.
“თუმცა, ისინი ცდილობენ, შეძლებისდაგვარად დროულად მოახდინონ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.
ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება გურიის სოფლების ნაწილს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება რაიონულ ცენტრებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.
თითქმის მთელი საქართველოდან გურიაში და აჭარაში ჩასული ელექტრიკოსები ამ წუთებშიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და განაგრძობენ იქამდე, სანამ ენერგომომარაგების აღდგენა სრულად არ მოხდება”, – წერია ინფორმაციაში.