დავით ქართველიშვილი: აშშ-დან და ევროკავშირიდან მთლიანობაში 400 მილიარდ დოლარამდე გაიცა უკრაინისთვის და თუ როგორ დაიხარჯა ეს თანხები, გაუგებარია ტრამპისთვისაც და ევროკავშირისთვისაც
„აშშ-დან და ევროკავშირიდან მთლიანობაში 400 მილიარდ დოლარამდე გაიცა უკრაინისთვის და მათი დანიშნულება, თუ როგორ დაიხარჯა ეს თანხები, გაუგებარია ტრამპისთვისაც და ევროკავშირისთვისაც”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, FBI-ს მიერ დაწყებულმა გამოძიებამ უკვე მიაკვლია ოფშორებში გადანახულ გარკვეულ თანხას, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი თანხებიდან არის აღებული.
„დონალდ ტრამპმა გააჟღერა 250 მილიარდი დოლარის შესახებ, რომელიც ამერიკის გადასახადების გადამხდელებმა მიაწოდეს უკრაინას არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ჰუმანიტარული დახმარების სახით, შეიარაღებული ძალების გადამზადების პროგრამებით და ა.შ.
ევროკავშირის მხრიდან გაწეული დახმარების რაოდენობაც გახდა ცნობილი, რომელიც 118 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მთლიანობაში, ორივე მხრიდან, 400 მილიარდ დოლარამდე გაიცა უკრაინისთვის და მათი დანიშნულება, თუ როგორ დაიხარჯა ეს თანხები, გაუგებარია ტრამპისთვისაც და ევროკავშირისთვისაც.
ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაუსვეს აშშ-ის კონგრესში ამერიკის თავდაცვის იმდროინდელ მდივანს კითხვა, რომ არსებობს თუ არა კონტროლის ქმედითი მექანიზმი, რომელიც აჩვენებს, თუ სად იხარჯება უკრაინისთვის გამოყოფილი თანხები. ასევე, გვახსოვს ვიქტორია ნულადის მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომ უნდა შეიქმნას აუდიტი, რომელიც სწორედ ამ საკითხებს შეისწავლიდა, მაგრამ დღემდე არაფერი არ შესწავლილა.
ისეთივე სიტუაციაა უკრაინისთვის განკუთვნილ თანხებთან დაკავშირებით, როგორიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან მიმართებითაა, რომელიც ფორმალურად ცხრა მილიონი ლარის არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ მიმდინარეობს, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ის ცხრა მილიონია, რომლის არამიზნობრივი ხარჯვის უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, თორემ ამის მიღმა რამდენი აქვს დახარჯული არამიზნობრივად, ღმერთმა უწყის.
ასევე, უკრაინის თანხებთან დაკავშირებით სამი-ოთხი დღის წინ გაჟღერდა, რომ FBI და მისი ახალი ხელმძღვანელი აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს კარიბის ზღვის კუნძულებზე, ოფშორულ ზონებში, საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებულ 50 მილიარდის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიარდი დოლარიდან არის აღებული”, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.