მაკა ბოჭორიშვილი – ადამიანის უფლებათა საბჭოზე შეხვედრა ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის გამოწვევები, რა გამოწვევების წინაშეც დგას საქართველო
ადამიანის უფლებათა საბჭოზე შეხვედრა ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის გამოწვევები, რა გამოწვევების წინაშეც დგას საქართველო,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იქ ირღვევა ადამიანის უფლებები, რაც საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით დადასტურებულია.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ორი დღის განმავლობაში მას ექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
„ადამიანის უფლებათა საბჭოზე შეხვედრა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის გამოწვევები, რა გამოწვევების წინაშეც დგას საქართველო, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველოს ორი რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და იქ ირღვევა ადამიანის უფლებები, როგორც არის ეს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით დადასტურებული და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა, მშვიდობა იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შემდგომი ნაბიჯები გადადგას განვითარებისთვის”,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.