ირაკლი კობახიძე – სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში

სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინაში მალე დამყარდება მშვიდობა.

„სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში. ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, ჩვენი მეგობარი ხალხისთვის., უამრავი ადამიანია დაღუპული ამ ომის შედეგად. ათ მილიონამდე უკრაინელი იქცა დევნილად, ლტოლვილად. უკრაინის ტერიტორიების 20% დღეს არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ენერგეტიკა. უკრაინის საგარეო ვალი აღწევს ეკონომიკის თითქმის 100%-ს. 96%-ია წლევანდელი მაჩვენებელი და წლის ბოლოსთვის უკვე გადასცდება 100%-ს ეს მაჩვენებელი.

ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს ვუსურვებთ პირველ რიგში მშვიდობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ის პროცესი, რომელიც არის დაწყებული და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები