“კაია კალასს მხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ, უნდა დასანქცირდნენ ისინი, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევენო, მოლოდინი გვექნება, რომ დასანქცირდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები” – გორდულაძე
“კაია კალასს მხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ეს ადამიანი ამბობს, რომ ყველა ის პირი უნდა დასანქცირდეს, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს. რა თქმა უნდა, მოლოდინი გვექნება, რომ ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაში ბრალდებული და მსჯავრდებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დასანქცირდებიან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ამ ადამიანების დასანქცირებაზე თუ იქნება მსჯელობა, ამას მხოლოდ მხარს დავუჭერთ. ისევ ორმაგი სტანდარტებია სახეზე, როცა ურსულა ფონ დერ ლაიენი აღშფოთებულია ბულგარეთში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, რადგან მას არ მოსწონს, რომ სახელმწიფო დაწესებულებებს თავს ესხმიან და ამ ყველაფერზე ხმას იმაღლებს, მაგრამ საქართველოში ე.წ. მომიტინგეების მხრიდან პოლიციელებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას ახალისებს თავისი განცხადებებით თუ თავისი სიჩუმით. მისი მხრიდან ერთი სიტყვა არ თქმულა და არ დაუგმია ის სისტემური ძალადობრივი აქტები, რაც ქუჩებში მიმდინარეობდა. როცა ასეთი ორმაგი სტანდარტებია, ასეთი განცხადებები ღიმილის მომგვრელია, იმდენად არაფრის მთქმელია“, – განაცხადა გორდულაძემ.