ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ამ ჩანაწერში, რა ფორმითაც არის წარმოდგენილი, არის უამრავი მონტაჟისა და ჩარევის კვალი
შესაძლოა, დაახლოებით ამ შინაარსის საუბარი შედგა, მაგრამ მის ავთენტურობაზე, რა თქმა უნდა, გამოკვლევა ჩასატარებელია. ექსპერტმა დაადასტურა, რომ ამ ჩანაწერში, რა ფორმითაც არის წარმოდგენილი, არის უამრავი მონტაჟისა და ჩარევის კვალი, – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი აუდიოჩანაწერის შინაარსს ეხებოდა.
მისივე თქმით, წარმოდგენილი ჩანაწერიც ადასტურებს იმას, რომ ბაჩიაშვილს კრედიტი არ აქვს დამტკიცებული, არავინ არ აპირებს მისთვის ამ კრედიტის მიცემას.
„გუშინ საკმაოდ ვრცელი განმარტება გავაკეთეთ, როგორც ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, ასევე აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით. ამ ექსპერტიზის დასკვნის ბოლოში, სადაც შემაჯამებელი ნაწილია მოყვანილი, პირდაპირაა ნათქვამი, ექსპერტი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ რაიმე ზემოქმედების კვალი ამ აუდიოჩანაწერზე არ მოიპოვება. ექსპერტის განმარტებები არ არის გადამჭრელი. სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება. პირიქით, უთითებს, რომ რამდენიმე მონაკვეთში, აშკარად ზემოქმედების კვალი ჩანს. ასევე, ექსპერტმა მიუთითა, რომ შეუძლებელია იმის დადასტურება, თუ როდის არის ეს აუდიოჩანაწერი განხორციელებული. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, რამდენი რესპონდენტია ამ აუდიოჩანაწერში. განსხვავებით გერმანული დასკვნისგან, ქართული დასკვნა, კატეგორიულად პირდაპირ მიუთითებს, რომ უამრავ ადგილას მონტაჟის კვალი ფიქსირდება. ჩამოვა გერმანელი ექსპერტი და ვნახოთ რა განმარტებები ექნება. რაც შეეხება აუდიოჩანაწერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დამონტაჟებული, არა ავთენტიკური აუდიოჩანაწერი, გუშინ ჩემს ვრცელ განცხადებაშიც აღვნიშნე რას ადასტურებს ეს აუდიოჩანაწერი იმ ფორმით, რა ფორმითაც წარმოდგენილი აქვს გიორგი ბაჩიაშვილს. ეს ადასტურებს იმას, რომ ბაჩიაშვილს კრედიტი არ აქვს დამტკიცებული, არავინ აპირებს მისთვის ამ კრედიტის მიცემას. იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უდასტურებს და არ აძლევს თანხმობასა თუ დაპირებას კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით. პირველი და არსებითი ტყუილი ბაჩიაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით სწორედ ის არის, რომ ამგვარი კრედიტის გაცემაზე საერთოდ მიმართა სხვას, მაშინ როცა ის არის ფინანსისტი და ძალიან კარგად იცის, ამგვარ ბიზნესიდეას არცერთი საფინანსო ინსტიტუტი არ დაუფინანსებდა. ეს არის პირველი და არსებითი ტყუილი.
თავის დროზე განვაცხადეთ, რომ შესაძლოა, დაახლოებით ამ შინაარსის საუბარი შედგა, მაგრამ ამის ავთენტურობაზე, რა თქმა უნდა, გამოკვლევა ჩასატარებელია. ექსპერტმა დაადასტურა, რომ ამ ჩანაწერში, რა ფორმითაც არის წარმოდგენილი, არის უამრავი მონტაჟისა და ჩარევის კვალი. შესაბამისად, როგორ უნდა დაგიდასტუროთ, რომ ასეთი საუბარი შედგა?!“ – განაცხადა თემო წიქვაძემ.
ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება გამოიკვლიეს, კერძოდ კი, აუდიოჩანაწერი, რომელიც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის შემდგარ საუბარს ასახავს. სწორედ აღნიშნული ჩანაწერი, მისი ავთენტურობა და შინაარსია მხარეებს შორის დავის საგანი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.