ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს უფლებები ეზღუდება

   “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, უშიშროების საბჭოს მდივანი ვეღარ გააკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და სხვა აქტების შესრულებას; პრეზიდენტს ვეღარ წარუდგენს წინადადებებს მუდმივი ან დროებითი საუწყებათშორისო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ. მისი ფუნქცია ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა და კონტროლის გაწევა აღარ იქნება. “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” კანონით გაწერილი ყველა ეს მუხლი უქმდება.
კანონში შესატანი ცვლილებებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი უფლებამოსილი შემდეგ საკითხებზე იქნება: როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელი, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის პროექტების შემუშავების პროცესში; უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზებას; უხელმძღვანელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს; მოამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს; ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელით დადებს ხელშეკრულებებს საექსპერტო-ანალიტიკურ სამუშაოთა შესრულების თაობაზე; კომპეტენციის ფარგლებში ხელს მოაწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს და დადგენილი წესით შეასრულებს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს.
პარლამენტი უშიშროების საბჭოს რეფორმირების საკითხს და მასთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტის განხილვას დაუბრუნდა.
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართულებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც 2013 წლის საშემოდგომო სესიაზე პირველი მოსმენით მიიღეს და განხილვის პროცესი შეაჩერეს – მთელი რიგი საკითხების გარშემო პოზიციების შეუჯერებლობის გამო.
ცვლილებების მომზადების მთავარ მოტივად პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები