“ქსენია სობჩაკი და ქსენია სოკალოვა დაგვეხმარნენ რუსეთში საინფორმაციო ბლოკადის გარღვევაში, რომლებზეც პროკურორმა თქვა, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები ჩამომყავდა” – სააკაშვილი
“პროკურორმა განაცხადა, რომ მე ჩამომყავდა, ციტატა მომყავს, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები, საუბარი იყო რუსეთის ორი ყველაზე წამყვანი ჟურნალისტის ჩამოყვანაზე. მაშინ ეს ხალხი დაგვეხმარა რუსეთში საინფორმაციო ბლოკადის გარღვევაში, რადგან უკიდურესად დადებითი სტატია დაწერეს საქართველოზე”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
„თქვენმა პროკურორმა განაცხადა, რომ მე ჩამომყავდა, ციტატა მომყავს, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები. ციტატა მომყავს ზოგიერთი ზნედაცემული პროკურორის ნათქვამიდან. იცით, ვისზე იყო საუბარი? საუბარი იყო 2010 წელს თუ 2009 წელს, ზუსტად არ მახსოვს, რუსეთის ორი ყველაზე წამყვანი ჟურნალისტის, ქსენია სობჩაკის და ქსენია სოკალოვას ჩამოყვანაზე. მაშინ ეს ხალხი დაგვეხმარა რუსეთში საინფორმაციო ბლოკადის გარღვევაში, რადგან უკიდურესად დადებითი სტატია დაწერეს საქართველოზე. ამათზე თქვეს, რომ ესენი იყვნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, რომლებიც სააკაშვილმა გამოიწერაო. არ გრცხვენიათ, რომ ამაში მონაწილეობთ? არ გრცხვენიათ, რომ ასეთ ბრალდებებს ისვრით? ჩემი შვილიშვილები იამაყებენ და თქვენი შვილიშვილები იქნებიან სამუდამოდ შერცხვენილი. ეს 2012 წლამდე ხდება. მოგვეცა საშუალება, ჩვენი სიმართლის მიტანის და ამგვარად საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების. რუსეთში იყო ერთი ამბავი ატეხილი, რომ კიდევ ხელახლა უნდა მომხდარიყო საქართველოში საომარი მოქმედებების განახლება. თქვენ დღეს ამას ასამართლებთ. ასამართლებთ იმას, რომ საქართველო დავიცავით“, – განაცხადა სააკაშვილმა.