„ვმუშაობთ შეთანხმებულად და უამრავ სილამაზეს ვქმნით“ – ფერადი ფანტაზია და „ნინეკას“ საგაზაფხულო კოლექცია

„ფერადი ფანტაზიით შექმნილი, უნიკალური ნაკეთობები“- სოციალურ ქსელში ხელოვნების ნიმუშებით მიგიზიდავთ  გვერდი „Nineka – ნინეკა“ .  ავტორები არიან: სალომე სურმანიძე და ნონა ენუქიძე. „ნინეკა“ – აერთიანებს მათი შვილების სახელებს და იმ სიყვარულს  ხელოვნებისას, ფერადმა ფანტაზიამ რომ დაბადა.
დღეს ორივე ხელოვანი ჩვენი რუბრიკის სტუმარია:  

– ბავშვობა და ხელსაქმე?
სალომე სურმანიძე: – ხელსაქმე ბავშვობიდან უზომოდ მიყვარდა, ბებოსთან და დედასთან ერთად ვქარგავდი და ვქსოვდი…  ერთჯერადი პარკებით ჩანთებიც კი მოვქსოვე.
ნონა ენუქიძე: – ბავშვობიდან მიყვარდა ჩემი ხელით  ნივთების შექმნა, მომწონდა ეს პროცესი და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.
–  ეპოქსიდით ხელოვნების ნიმუშების შექმნა – თქვენი ახალი წამოწყებაა და უკვე – წარმატებულიც….
სალომე სურმანიძე: – საქმე, რომელიც ბიზნესად ვაქციეთ, ახალია, ერთ წელს ითვლის ჩემი და ნონას  ფერადი ფანტაზიით წამოწყებული და ფრთაშესხმული…
ნონა ენუქიძე: – არასდროს მიფიქრია ჩემი ეს  გატაცება  „ბიზნესად“  მექცია, თუმცა სალომემ შეძლო, დავეთანხმებინე, ამ საქმეს უფრო სერიოზულად მივდგომოდი…
– ეპოქსიდი… დეკრეტული შვებულების დროს დაიწყეთ მასზე მუშაობა, შეისწავლეთ თაბაშირიც და სურნელოვანი სანთელიც…
სალომე სურმანიძე: – პირველი, რაც ვისწავლეთ მე და ნონამ, იყო ეპოქსიდი და სურნელოვანი სანთელი… ეს პროცესი იმდენად თერაპიული და სასიამოვნოა, ვერ აღვწერ…  თაბაშირიც ამ ყველაფერს მოჰყვა…  ნაკეთობები განუმეორებელი, ინდივიდუალური, განსაკუთრებული და სათუთია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეული წვეთი, ნაბიჯი არის ხელით დამუშავებული, გამოძერწილი და ფანტაზია ფრთაშესხმული… იდეები კეთების პროცესშიც იბადება.
ნონა ენუქიძე: – ვისწავლეთ ეპოქსიდი და სურნელოვანი სანთლის დამზადება…  იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა პროცესი, ვეღარ შევჩერდით. შემდეგ იყო თაბაშირი და ვფიქრობ, არც აქ გავჩერდებით.– ერთი წელია ხელსაქმე ბიზნესად აქციეთ. ეპოქსიდის მასალებით  ამზადებთ საათებს, ტკბილეულის ჯამებს, მაგიდებს…
სალომე სურმანიძე: – ეპოქსიდით ყველაფრის დამზადება შეიძლება, თუ ფანტაზიას „ავუშვებთ“. წარმოდგენაშიც ვერ დახატავ, ისეთი რამის შექმნა არის შესაძლებელი… ასევეა სანთელი, მხოლოდ ყალიბით როდი კეთდება, ხელით დამუშავებაც სჭირდება და … მოთხოვნადია ყველაფერი, რაც მეტად დახვეწილია და განსხვავებულია – მით უმეტეს.
ნონა ენუქიძე:  დღეს ვიცით, რომ ხელნაკეთ ნივთებზე მოთხოვნა და, შესაბამისად, კონკურენცია  საკმაოდ დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია კრეატიული იდეების განხორციელება, რომ  შეძლო მომხმარებელი შენი ნაკეთობით დააინტერესო. თუმცა  თუ ეს საქმე  გიყვარს, პრობლემაც ნაკლებია…  ვმუშაობთ ერთად და შეთანხმებულად, ვქმნით  უამრავ სილამაზეს.
– ერთი ნამუშევრის ისტორია…
სალომე სურმანიძე:  ყველა ნაკეთობას თავისი ისტორია აქვს…  როცა პირველად ვცადე ჭადრაკის გაკეთება, არ დავაცადე შრობა, ისე დავიწყე საქმის გაგრძელება, შედეგად, ფერები  აირია,  ჭადრაკმა კი სახე დაკარგა, სამაგიეროდ, არაჩვეულებრივ კრისტალებად ვაქციე, რაც გამოვიყენე სხვა ნაკეთობაში… ზოგადად, არ მიყვარს წესებში მოქცეული საქმე. ჩემი წესის ჩართვაც მიყვარს, ინდივიდუალობა კარგია, მაგრამ არის მომენტები, როცა გვიფუჭდება, მაგრამ თუ ფანტაზიაა, ამასაც ეშველება.
ნონა ენუქიძე:  ერთად მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა და ძირითადად დასამახსოვრებელი მომენტები ამ  დროს ჩნდება….  ხშირად მივმართავთ ექსპერიმენტებს და მუშაობის პროცესიც სახალისოა.
–   შთაგონება?
სალომე სურმანიძე: შთაგონება? როცა საქმეს იწყებ, ავტომატურად იბადება იდეა, ფიქრებში, საუბარშიც, ბუნებაშიც… ყველგანაა შესაძლებელი ამის პოვნა.
ნონა ენუქიძე:  მუდმივად მიტრიალებს გონებაში იდეები და დამღლელი დღის შემდეგ სამსახურიდან მისულს ერთი სული მაქვს, როდის მივუჯდები სამუშაო პროცესს, რომ ეს იდეეები განვახორციელო.
–  ხელსაქმეს უთმობთ დიდ დროს… ოჯახსაც სჭირდება ყურადღება. როგორ ასწრებთ ყველაფერს?
სალომე სურმანიძე: ამჟამად ვარ დეკრეტულ შვებულებაში,  სწავლების პერიოდიც დეკრეტის პერიოდს დავამთხვიე…  დროს ძირითადად ბავშვის ძილის დროს ვიპარავ  და ვაკეთებ რაღაცებს, ასევე ღამით, როცა ყველას სძინავს.
ნონა ენუქიძე:სწორედ ამას ვგულისხმობ, სამსახურშიც კი ჩემს ხელსაქმეზე ვფიქრობ და დამღლელი დღის შემდეგ არაჩვეულებრივი თერაპიაცაა ეს ყველაფერი.
– როგორ გიდგათ მხარში ოჯახი თქვენს საქმიანობაში?
სალი სურმანიძე: პირველი მოტივატორი ჩემი ოჯახია.
ნონა ენუქიძე: ოჯახის წევრები მაქსიმალურად მიწყობენ  ხელს, რომ დამრჩეს თავისუფალი დრო ჩემი ხელსაქმისთვის.
– გაზაფხული მოდის… უკვე გაჩნდა თქვენს გვერდზე Nineka – ნინეკსაგაზაფხულო განწყობა – მაგიდა ყვავილებით…
სალომე სურმანიძე: უამრავი ნივთის გაკეთების იდეა ტრიალებს გონებაში. ეტაპობრივად, ყველას შევასხამ ფრთებს და გადმოვიტან რეალობაში.
ნონა ენუქიძე:  ვემზადებით ისე, როგორც გაზაფხულს შეესაბამება, ვქმნით ფერად და  ლამაზ საგაზაფხულო კოლექციას.– ჰობი…
სალომე სურმანიძე:  ჩემი წამოწყებაა ჩემი პირველი ჰობი.
ნონა ენუქიძე: ხელსაქმე ჩემი ჰობი იყო ყოველთვის, რა თქმა უნდა, სხვა ჰობიც მაქვს, მაგრამ ეს გამორჩეული აღმოჩნდა, რომელმაც გადაწონა სხვა დანარჩენი.
– სამომავლო გეგმები…
სალომე სურმანიძე: სამომავლოდ მე და ნონას უამრავი გეგმა გვაქვს.  გვჯერა,  ჩვენი ჩანაფიქრი შესრულდება.
ნონა ენუქიძე:  გვსურს, ჩვენი ბიზნესის გაფართოება, რათა ბევრმა ადამიანმა გაიცნოს და  შეაფასოს ჩვენი ნამუშევრები… წარმატებას ვუსურვებ ჩვენს  წამოწყებას.

                                                                                                   

                                                                                                                                თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები