მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ჯო უილსონის გამოსვლაზე: აბსოლუტურად აბსურდულია ეს განაცხადი და არ იყო მხარდაჭერილი 70-დან არცერთი გამომსვლელის მხრიდან
“აბსოლუტურად აბსურდულია ეს განაცხადი და არ იყო მხარდაჭერილი 70-დან არცერთი გამომსვლელის მხრიდან”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე კონგრესმენ ჯო უილსონის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის დროსაც უილსონმა კოლეგებს მოუწოდა, მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში.
ბითაძის თქმით, ეს ნარატივი რადიკალური ოპოზიციის მხრიდანაა ნაკარნახევი.
„აბსოლუტურად აბსურდულია ეს განაცხადი და არ იყო მხარდაჭერილი 70-დან არცერთი გამომსვლელის მხრიდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დღევანდელ განხილვებში. კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახეთ, რომ ეს ნარატივი ნაკარნახევია ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც დღენიადაგ ცდილობს იმას, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს და საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვნახავთ ვერანაირ ჩანაწერს ეუთო-ს დასკვნით შეფასებაში ჩვენი არჩევნებისა, რომელიც შეიძლება, საფუძვლად დაედოს განმეორებით არჩევნებს”, – განაცხადა მაია ბითაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.