ირაკლი ქადაგიშვილი – ძალიან ცუდია, როცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ომშია ჩართული

„ძალიან ცუდია, როცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ომშია ჩართული,“ – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „სიკორსკის განცხადებების უკან არანაირი არგუმენტი არ გააჩნია“.

„ძალიან ცუდია, როცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ომშია ჩართული. ეს არის პროპაგანდისტული ომი. თუ მის განცხადების თითოეულ პუნქტს გავყვებით და ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ ამ განცხადებების უკან მას არანაირი არგუმენტი არ გააჩნია. დავიწყოთ “საეჭვო არჩევნებით” – რატომ არის ეს არჩევნები საეჭვო, რაიმე არგუმენტი, გარდა იმისა, რომ მის აგენტურულ ქსელში შემავალი რომელიღაცა “პოლიტიკოსისგან” ანალოგიური განცხადება მოისმინა, რაიმე მტკიცებულება აქვს? ან რომელიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ გამოთქმული რაიმე არგუმენტი აქვს ხელში? ან მის ქვეყანაში ტარდება არჩევნები იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც საქართველოშია? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ თუ იქ იმარჯვებს ის ძალა, რომელიც მათთვის, “დიფ სთეითისთვის” სასარგებლოა, იქ ყველაფერი კარგადაა.

ასევე, როცა სასამართლოზეა საუბარი: მოუხსნა ევროკავშირმა პოლონეთს სასამართლოსთან დაკავშირებით ის სანქციები და ჯარიმები, რაც დააკისრა? არის პოლონეთში მედიათავისუფლება იმ დონეზე, რა დონეზეც საქართველოშია? მისი ხელისუფლება რომ მოვიდა და საზოგადოებრივ პოლონეთის ტელევიზიას დაერია და გამოყარა რედაქციები და ჟურნალისტები, ეს ამბავი როგორ იკითხება? ამიტომ, დაანებონ თავი საქართველოს და ქართველი მოსახლეობის თვალში ევროპული ღირებულებების ნგრევას. პირიქით, ხელი შეუწყონ ამ ღირებულებების დამკვიდრებას და პრაქტიკაში გადატანას. მაგრამ, სამწუხაროდ, მათი მიზანი ეს არ არის. მათი მიზანი რეალურად არის ე.წ. „რეჟიმჩეინჯინგის“ პოლიტიკის განხორციელება, რომელიც არჩევნებში სრულად დამარცხდნენ, არ გამოუვიდათ, მაიდანის პირველი ეტაპი ჩაუვარდათ. ახლა ამ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, როგორც მოგახსენეს, ბრძოლის ველი საქართველო უნდა იყოს – არ გამოვა ეს საკითხი”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ისინი საქართველოსგან მოელიან ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა.

მან ისაუბრა გაფართოების პროცესში „უარყოფით ტრენდებზეც“ – ამ კონტექსტში საქართველო ახსენა და გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოში ანტიევროპული ტრენდი „შემობრუნდება. ასევე, მხარდაჭერა გამოხატა ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მიმართ.

„სამწუხაროდ, გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ასევე უარყოფით ტრენდებს ვადევნებთ თვალს. მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა – რომელიც ხელისუფლებაში საეჭვო სტანდარტების საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. პოლონეთის [ევროკავშირის საბჭოში] პრეზიდენტობა მხარს დაუჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს“, – განაცხადა სიკორსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები