თეა წულუკიანი: დესტრუქციულ ოპოზიციას ვინც ხმა მისცა, ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ უკეთესად აანალიზებენ თუ რა ხდება, ვიდრე მათ მიერ არჩეული დესტრუქციული ძალები, ვინაიდან იმისთვის მისცეს ხმა, რომ დაჰპირისპირებოდნენ „ოცნებას“ წარმატებით
დესტრუქციულ ოპოზიციას ვინც ხმა მისცა, ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ისინი უკეთესად აანალიზებენ თუ რა ხდება, ვიდრე მათ მიერ არჩეული ეს დესტრუქციული ძალები, ვინაიდან მათ იმისთვის მისცეს ხმა, პოლიტიკურ ძალებს, რომ დაპირისპირებოდნენ „ოცნებას“ და დაპირისპირებოდნენ წარმატებით, თორემ ცარიელი დაპირისპირება არაფრის მომტანი არ არის, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, წარმატებით რომ დაუპირისპირდე ხელისუფლებას, ის შეასუსტო და შემდეგ ჩაანაცვლო, ამისათვის ერთ-ერთი მთავარი სარბიელი არის პარლამენტი და არა ქუჩა, არა „მოლოტოვის კოქტეილი“.
„მათ ეს ვერ გაიგეს, ჩარჩენილები არიან 2003 წლის ნოსტალგიაში და მთავარი მათი შეცდომა არის ის, რომ მათ დღემდე, ამდენი წელი გავიდა და სწორად ვერ გააანალიზეს ვისთან აქვთ საქმე, ვინ არის „ოცნება“, ვისგან შედგება ეს „ოცნება“ და ვინ არის „ოცნების“ მთავარი ლიდერი. ვინ არიან საერთო ესენი, ვერ გააანალიზეს. მათ შორის, მათ ეს კიდევ უფრო მიკვირს, ვინც „ოცნებაში“ იყვნენ, მაღალ თანამდებობაზე იყვნენ და წავიდნენ. მათ მაინც ხომ იციან რა რესურსი აქვს ამ გუნდს, რომ ეს არ არის ხელწამოსაკრავი ერთობა. რა თქმა უნდა, გუნდშიც არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ჩვენ შეთამაშებული ვართ ისე, რომ ეს გარეთ არ გამოდის, შიგნით ვწყვეტთ ამ ყველაფერს. ყველაზე კარგად გუნდიდან წასულებმა უნდა იცოდნენ, რომ აქვს გუნდს წითელი ხაზები. მაგალითად, ის რომ პარტნიორობა კი, ურთიერთდათმობებიც კი, ოღონდ არა ხალხის და ეროვნული ინტერესის ხარჯზე. ეს მათ იციან, ვერ იყენებენ ამ ინფორმაციას. ვინც არ იცის, ის ვერ აანალიზებს. მოკლედ, ძალიან მძიმე ვითარებაა ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე. ეს არ არის ზოგადად კარგი, მაგრამ რაც არის ეს არის, ჩვენ ვერაფერს ამას ვერ ვუშველით. მათ უნდა უშველონ თავის თავს, რაც ალბათ უკვე გამორიცხულია და ვართ ისევ მოლოდინში, რომ ვთქვათ პარლამენტში ოპოზიციურად ჩამოყალიბებული ორი ჯგუფი ძალას შეიძენს. ეს, მაგალითისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი სურვილია და პლუს, ჩამოყალიბდება პარლამენტს მიღმაც რაღაც ახალი ძალა, რომელიც თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვა და იქნება სერიოზული. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.