მაკა ბოჭორიშვილი: ტრამპის მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი, რაც უფრო სწრაფად მოხდება უკრაინის ჩართვა მოლაპარაკებების პროცესში, მისთვისვე იქნება მომგებიანი

დღეს საკითხი დგას ასე: დასრულდეს თუ არა ომი, რეალურად, კითხვის ნიშანი აღარ ისმება, აქ უკვე საუბარი არის იმაზე, როგორ დასრულდეს ომი და როგორ უნდა მოხდეს იმ გზის ძიება, რომელიც მიიყვანს ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომს დასასრულამდე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„გამოჩნდა ერთი რამ, რაზეც ერთი პერიოდი, შეიძლება ითქვას, აკრძალულიც იყო საუბარი – დიალოგის საჭიროება, საჭიროება იმისა, რომ აუცილებელია მხარეებს შორის იყოს საუბარი, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე, რომელიც შეეხება უკრაინას, რეალურად, დღეს უკრაინის წარმომადგენელი არ იჯდა; მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ფორმატში კონსულტაციები ხდება, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც და, შეიძლება, უკრაინის მხარესთანაც, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც საუბარი მიმდინარეობს უკრაინაში მიმდინარე ომზე და თავად უკრაინა არ არის წარმოდგენილი სრულად ამ მოლაპარაკებების პროცესში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა როგორი იქნებოდა, ამის წაკითხვა და გამოცნობა რთული არ იყო იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში გვესმოდა თავად პრეზიდენტ ტრამპისგან და მისი ადმინისტრაციისგან.

„რამდენად მომგებიანია უკრაინის პოზიციონირება, რამდენად მოგებული დარჩება ამ სიტუაციაში უკრაინა, ამას ალბათ დრო გვაჩვენებს, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი, ტრამპის მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეთანხმების მიღწევა. ამ პროცესში რაც უფრო სწრაფად მოხდება უკრაინის ჩართვა, რა თქმა უნდა, ეს უკრაინის მხარისთვის არის მომგებიანი და რაც უფრო გაჭიანურდება მისი ყოფნა მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის მხარესთან, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ წამგებიანი უკრაინის მხარისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ევროპის პოზიციონირებას, ჩვენ ვხედავთ, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები ევროპის ლიდერებს შორის, მაგრამ მოახერხებს თუ არა ევროპა, სათქმელი თქვას ამ პროცესში და იქნება თუ არა შესაძლებელი ევროპის ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, თუნდაც უკრაინის ომთან, ამ პროცესთან დაკავშირებით, აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია.

„ბოლო წლებში მიმდინარე პროცესებმა ძალიან ბევრი რამ გამოაჩინა ევროპაში, ევროპის გარშემო რამდენი კითხვის ნიშანი არსებობს ერთიანობასთან დაკავშირებით, რამდენად არის მყარი ევროპის საგარეო პოლიტიკა, რამდენად შეიძლება, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მოქმედებდნენ საერთო ინტერესებით საერთაშორისო სცენაზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები