ირაკლი გოგავა: ეს იდეოლოგიური ბრძოლა ლიბერალ გლობალისტებთან არის მთავარი და მე ვფიქრობ, რომ ტრამპს გამოუვა მათი საბოლოოდ დამარცხება
„ეს იდეოლოგიური ბრძოლა ლიბერალ გლობალისტებთან არის მთავარი და მე ვფიქრობ, რომ ტრამპს გამოუვა მათი საბოლოოდ დამარცხება, მათ შორის ევროპაში,“ – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ „დღის ქრონიკის” ეთერში განაცხადა, სადაც მან ვრცლად ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე.
კითხვაზე – არის თუ არა ტრამპის იდეური მოკავშირე ბიძინა ივანიშვილი, გოგავა ასე პასუხობს:
„რა თქმა უნდა. ასეთი ანგარიშები და გათვლები ჰაერიდან არ მოდის, რა თქმა უნდა კოორდინაცია ხდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ორბანის მეშვეობით, უშუალოდ თუ როგორ, ეს უკვე დეტალებია, მაგრამ ტრამპის საერთაშორისო ფრონტში საქართველოს ჩემი აზრით ერთ-ერთი ადგილი უკავია. შეიძლება პირველები არ ვიყოთ ამაში მაგრამ ეს ფრონტი არ არის დიდი. თითზე ჩამოსათვლელია ეს ქვეყნები დღეს, მაგრამ ფართოვდება – შეერთებული, შტატები, არგენტინა, უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია რაღაცა გაგებით, საქართველო და როგორც ჩანს, უკვე ამ ბრძოლაში რუსეთი და ჩინეთიც ტრამპის მოკავშირეები აღმოჩნდნენ. შემდეგი განზომილების ბრძოლა არის უკვე გეოპოლიტიკური ბრძოლა, რომელიც ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება ვიდრე სახელმწიფოები არსებობენ, მაგრამ მნიშვნელობით ეს იდეოლოგიური ბრძოლა ლიბერალ გლობალისტებთან არის მთავარი და მე ვფიქრობ, რომ ტრამპს გამოუვა მათი საბოლოოდ დამარცხება მათ შორის ევროპაში და ახლა ევროპაში აგონიაა, ელიტები ნახავენ, რომ პერსპექტივა მათ წინააღმდეგობას არა აქვს და მათი ეს უმწეობა გამოიხატა მიუნხენის კონფერენციის პრეზიდენტის ქვითინში.
მე ვფიქრობ, ასე ვთქვათ სამარშრუტო რუკა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს უკვე აქვთ შემუშავებული. ახლა ხდება ამის ტაქტიკური იმპლემენტაცია. სულ ბოლოს ალბათ რაღაცა შეხვედრას მედიისთვის მოაწყობენ, მაგრამ გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. მთავარი საუდის არაბეთში რაც გაჟღერდა არის, რომ ზელენსკი უნდა წავიდეს, ის სამპუნქტიანი გეგმა სწორედ ამას ნიშნავს. როდესაც ხდება დიდი მოთამაშეების მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეხება სხვა ქვეყნებს, მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ხდება, ეს ერთ-ერთი ფაქტორია. ამ სიტუაციაში ტრამპს სჭირდება რუსეთი მინიმუმ ნეიტრალური იყოს, ნეიტრალური პოზიცია დაიჭიროს ტრამპის მომავალ კონფლიქტში ჩინეთთან და ამ ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ სთავაზობს მას გარანტირებულ პერიმეტრის უსაფრთხოებას და აქ უკვე ჩვენც მოვიაზრებით. ამიტომ, უკრაინასთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს აუცილებლად იქნება რუსეთისთვის ბუფერული ზონა, ბუფერული სახელმწიფო – უკრაინა და მისი პერიმეტრი, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი და შუა აზიის რესპუბლიკები. მხოლოდ სიტყვაზე ნდობა აქ აღარ იქნება და ხელმოწერილ დოკუმენტებს მოითხოვს აუცილებლად რუსეთი და ახლა უკრაინის რა ნაწილი, როგორ განაწილდება, ეს უკვე მოლაპარაკების თემაა. სავარაუდოდ უკრაინაში აირჩევა ისეთი ლიდერი, რომელიც ამერიკას და რუსეთს შორის შეთანხმებული იქნება“, – განაცხადა გოგავამ.