მათიკაშვილი – უკრაინაში მიმდინარე ომზე: მსოფლიოში ალბათ უძლიერესი ქვეყნის ხელისუფალმა, რომელიც სულ ახლახან შებრძანდა თეთრ სახლში, განაცხადა, რომ კი, შესაძლებელი იყო, თავიდან აცილებულიყო ომი
“დღეს განაცხადა ის, რაზეც ჩვენ არაერთგზის ვსაუბრობდით წლების წინ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინაში ომის თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება შეაფასა.
„ეს მშვიდობის რიტორიკა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ იყო გაჟღერებული, ხდებოდა უსამართლო და მზაკვრული თავდასხმის ობიექტი ძალიან ბევრი აქტორის მხრიდან როგორც ქვეყნის შიგნით – რადიკალების, ასევე მათი დავალების მიმცემების, იმ გლობალური ომის პარტიის მხრიდან, რომელიც ჩვენს მიერ იყო გაჟღერებული. ეს ფრაზაც თავის დროზე, თითქოს, ქილიკის და დაცინვის საგნად იყო ქცეული.
არადა, მსოფლიოში ალბათ უძლიერესი ქვეყნის ხელისუფალმა, რომელიც სულ ახლახან შებრძანდა თეთრ სახლში, ბრძანა და განაცხადა, რომ კი, შესაძლებელი იყო, თავიდან აცილებულიყო ომი და ძალებმა, რომლებიც საპირისპიროს სურვილით იყვნენ გამსჭვალულნი, მათ სამწუხაროდ, საწადელს მიაღწიეს და ომის ქარ-ცეცხლი გააჩაღეს ევრაზიის კონტინენტზე. ამ ყველაფერს უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა პირველ რიგში ჩვენს მეგობარ უკრაინაში. ასიათასობით ადამიანია დაღუპული, განადგურებულია ქალაქები, სოფლები და პერსპექტივა, რომელიც უკრაინას აქვს – ძალიან მდარე, იმ ფორმით, სადაც მასაც კი აღარ აღებინებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით განაცხადა – „სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ეს ომი. შეგეძლოთ გარიგების დადება“.