ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ქალაქ სონგდოში გამართულ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს 41-ე სხდომაზე ფონდის მმართველი საბჭოს წევრად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემადგენლობიდან მეორე ვადით აირჩიეს. ნინო თანდილაშვილი ფონდის საბჭოს წევრი 2027 წლის ბოლომდე იქნება.

სხდომის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ფონდის ადამიანური რესურსების კომიტეტის სხდომებს თავმჯდომარეობდა და ეთიკის და აუდიტის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა.

კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს სხდომაზე განხილული იყო კლიმატის მწვანე ფონდის მმართველობის გაუმჯობესებასთან და ფონდის რეგიონული წარმომადგენლობების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, GCF-ის მიერ აკრედიტაცია მიენიჭა შესაბამის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, რომლებსაც უფლებამოსილება ექნებათ, GCF-ის მიერ დაფინანსებული პროექტები განახორციელონ.
სხდომის ფარგლებში დამტკიცდა დაფინანსებისთვის წარდგენილი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მსოფლიო მასშტაბით კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას და ადაპტაციის კუთხით შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.

კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) საერთაშორისო ფონდია, რომელიც 2010 წელს დაარსდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში, რომელსაც ჰყავს 197 მხარე.

მისი ფინანსური სტრუქტურა გულისხმობს არამხოლოდ სახელმწიფოებიდან, არამედ კერძო სექტორიდან და საერთაშორისო დონორებისგან ფინანსების მიღებას, რაც საშუალებას იძლევა ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარებისთვის საჭირო პროექტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები