ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, არავის დაუგმია, გვარამია გამოდიოდა და იძახდა, რომ კვერცხით პროტესტის გამოხატვა ევროპული სტანდარტია – იმათი კვერცხი ევროპულია და სხვა კვერცხი, რომელსაც მათ ესვრიან, არაევროპული?
როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, რესტორნიდან როცა გამოდიოდა მოსამართლე, დაახლოებით ერთი თვის წინ და კვერცხს ესროდნენ, არავის დაუგმია, არც ერთ ელჩს. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ოპოზიციური პარტიებიდან, არც ერთი ოპოზიციონერი არ გამოსულა და ეს არ დაუგმია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია კვერცხით პროტესტის გამოხატვას ევროპაში მიღებულ სტანდარტადაც მიიჩნევდა, მას შემდეგ კი, რაც სალომე ზურაბიშვილისთვის აეროპორტში კვერცხის სროლის ფაქტი გააპროტესტეს, გამოდის, რომ ოპოზიციის ნასროლი კვერცხი ევროპულია, ხოლო, მათ თუ ესვრიან კვერცხს – არაევროპული.
ჭეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელმაც დააანონსა, რომ აპირებს სასამართლოს მიმართოს და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის რანგში, მან პოლიციელის ცოცხლად დამწველი შეიწყალა, ახლა კი აპირებს, მოქალაქეს კვერცხის სროლის გამო უჩივლოს.
„გვარამია გამოდიოდა და როდესაც ასეთი შემთხვევები იყო იძახდა, რომ ეს არის ევროპული სტანდარტი და ევროპაში მიღებული სტანდარტი კვერცხით პროტესტის გამოხატვა. ვერ გავიგე, იმათი კვერცხი ევროპულია და სხვა კვერცხი, რომელსაც მათ ესვრიან, არაევროპულია?
დღეს სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ვუსმენდი, რომ სასამართლოს უნდა მივმართო და ბოლომდე უნდა ჩავყვეო – მოლოტოვის კოქტეილით რომ პოლიციელს ცოცხლად წვავდა, ასეთ მოქალაქეს იწყალებდა, შუა რუსთაველზე რომ ცოცხლად დაწვის მაგალითს გვაჩვენებდა, ასეთი მოქალაქე შეიწყალა და თვითონ კვერცხის სროლაზე, ერთ-ერთ მოქალაქეს ბოლომდე უნდა გავყვეო. მათთვის თავის დროზე მოქმედ მოსამართლეზე კვერცხის სროლა იყო მიღებული“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.