იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი, ძლიერი არმია და სხვა ქვეყნებიდან ჯარების შესაძლო განლაგება უზრუნველყოფს უსაფრთხოების ეფექტურ გარანტიებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ევროპას, ნატოს ქვეყნებს, შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ უკრაინას მისცენ იმედი, რწმენა უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების მიმართ. რწმენა იმისა, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. თუმცა, დღეს ასეთი მხარდაჭერა არ გვესმის შეერთებული შტატებისგან. ჩვენ ვიცით, რომ ისინი და კიდევ რამდენიმე ევროპელი პარტნიორი მხარს არ უჭერენ ჩვენს წევრობას ნატოში. ვფიქრობ, ეს არის რუსეთის მთავარი მიზანი და ეს ემთხვევა შედეგს. შემდეგ არის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას – ძლიერი უკრაინული არმია და ჯარების შესაძლო განლაგება სხვა ქვეყნებიდან: ევროპიდან, შეერთებული შტატებიდან, ჩვენი პარტნიორებიდან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მანვე დასძინა, რომ უკრაინაში საერთაშორისო კონტინგენტის განლაგების საკითხი დღეს ერდოღანთან შეხვედრაზე განიხილეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი აღმოსავლეთი, ჩვენი ყირიმი და ყველა სხვა ქალაქი და სოფელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, როგორც Ukrinform-ი იუწყება, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეერთებული შტატები, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არიან.