მედია: კრემლი ტრამპს რუსულ ნავთობსა და არქტიკაზე წვდომას სთავაზობს

კრემლმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის ბუნებრივ რესურსებსა და არქტიკაზე წვდომა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელის, კირილ დმიტრიევის განცხადებით, კრემლში მიიჩნევენ, რომ ამერიკული ნავთობკომპანიები შესაძლოა, რუსეთში დაბრუნდნენ.

დმიტრიევის თქმით, ის ერთ-ერთია ვლადიმერ პუტინის მიერ არჩეული იმ სამი დელეგატიდან, რომელიც მან რიადში ამერიკელებთან შესახვედრად შეარჩია.

როგორც მან აღნიშნა, მოსკოვი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური თანამშრომლობის განახლებას.

„შეერთებული შტატების მსხვილ ნავთობკომპანიებს რუსეთში ძალიან წარმატებული ბიზნესი ჰქონდათ. ჩვენ გვჯერა, რომ რაღაც მომენტში ისინი დაბრუნდებიან, რატომ უნდა უარყონ რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა, რომელსაც რუსეთი აძლევდა? ერთობლივი პროექტები უნდა ვაკეთოთ, მათ შორის, მაგალითად, არქტიკაშიც, რომლებიც გაცილებით წარმატებულს გაგვხდის.

ჩვენ ასევე გვჭირდება ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის, მაგალითად, არქტიკაში და სხვა სფეროებში, რაც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ უფრო წარმატებული“, – თქვა დმიტრიევმა.

მანვე დასძინა, რომ ამერიკულმა კომპანიებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შედეგად, სავარაუდოდ, 300 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

რუსული მედიის ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთში ნავთობს მხოლოდ ერთი მსხვილი ამერიკული კომპანია მოიპოვებდა – Exxon Mobil, რომელსაც „სახალინ-1“-ის პროექტში 30- პროცენტიანი წილი ეკუთვნის. სანქციების დაწესების შემდეგ, კომპანიამ პროექტიდან გასვლა გამოაცხადა, მაგრამ წილის გაყიდვა ვერ შეძლო, რადგან კრემლმა ვადები ორჯერ გაახანგრძლივა. ვადის უკანასკნელი გადავადება 2026 წლის ბოლომდეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები