ნათია თურნავამ IMF-ის მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა – ნათია თურნავამ ამსტერდამში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისთვის გამართულ კონფერენციაში, სახელწოდებით – „გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის დაძლევა“ მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციის მიმდინარეობისას ნათია თურნავა ასევე შეხვდა IMF-ის აღმასრულებელ დირექტორ იერონ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის, რომლებთანაც მიმდინარე საკითხები და სამომავლო თანამშრომლობა განიხილა.

“ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა განიხილეს ქვეყნების ეკონომიკაზე გეოპოლიტიკური შოკების გავლენა, გეოეკონომიკური გამოწვევები და მათზე რეაგირების სტრატეგიები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ნიდერლანდის ბანკის პრეზიდენტი კლაას ნოტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იერონ კლიკი, სსფ-ის ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ალფრედ კამერი, ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში – გერტ იან კოპმანი და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფი საქართველოს, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბულგარეთს, ხორვატიას, ანდორას, სომხეთს, კვიპროსს, ისრაელს, ჩრდილოეთ მაკედონიას, რუმინეთს, მოლდოვასა და უკრაინას აერთიანებს”, – წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები