“თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მიდის საკუთარი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ, უნდა გაითავისოს, რომ ის არა მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის ავტორი, არამედ ის შეიძლება, სამშობლოს მოღალატეც გახდეს” – მიქანაძე

“თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მიდის საკუთარი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ, უნდა გაითავისოს, რომ ის არა მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის ავტორი შეიძლება, გახდეს, არამედ ის შეიძლება, სამშობლოს მოღალატეც გახდეს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

ის გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატებას გულისხმობს.

„პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგა ამ მუხლის აღდგენა. წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მაშინდელმა პარლამენტმა ეს მუხლი გააუქმა, ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, თუმცა, ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები თვალნათლივ გვაძლევს იმის ხედვას, რომ კონკრეტული ადამიანები სარგებლობენ იმით, რომ ეს მუხლი არ არსებობს და შესაბამისად, ისინი მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

დაწყებულია კონკრეტული გამოძიება იმ განცხადების საფუძველზე, რომელიც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შეიტანა პროკურატურაში და გამოძიება მიმდინარეობს იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებასთან, მის ფუძემდებლურ პრინციპებთან არის დაკავშირებული.

ბოლო წლების განმავლობაში ის ადამიანები, რომლებიც რადიკალიზმით გამოირჩევიან, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ მიდიან საკუთარი საზოგადოებისა და სახელმწიფოს უდიდესი ნაწილის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ძირს უთხრიან ამ ქვეყნის წინსვლას და მის სწორ განვითარებას, ამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, ის არ იქნება რაიმე სანქციის შემცველი, ეს იქნება იდენტური შინაარსის რაც იყო მის გაუქმებამდე, თუმცა ის მიუთითებს სისხლის სამართლის სხვა მუხლებს, რომელიც კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულებზეა ძირითადად აქცენტირებული“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები