შალვა პაპუაშვილი: იქმნებოდა ორგანიზაციების ქსელი, რომლებსაც სპეციფიკური ნარატივები უნდა გაეტარებინათ – კერძოდ: ჯერ „ენჯეოს“ დაარქმევდნენ, რომ შენ ხარ სამოქალაქო საზოგადოება, ანუ „ენჯეო“ უდრის საზოგადოებას და რასაც იტყვის „ენჯეო“ ის არის საზოგადოების აზრი
„ჩვენთან, „ენჯეო“, როგორც ტერმინი დამკვიდრებულია დონორების მხრიდან, როგორც სახელმწიფოს საწინააღმდეგო მხარე,“ – ამის შესახებ მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამყარებული ტერმინი, „არასამთავრობო ორგანიზაცია“ თავის თავში არის არასწორი.
„ის მაგალითი, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკუთარი ნაომარი ქვეყნის სარჩელში მონაწილეობდა, ესეც აჩვენებს, რომ ზოგიერთმა დონორმა აქამდე მიიყვანა საკუთარი დაფინანსებული „ენჯეო“, რომ მათ აფიქრებინეს, რომ ისინი არა მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკოსები არიან, არამედ ქვეყნის, სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები თუ ოპონენტები.
იქმნებოდა ორგანიზაციების ქსელი, რომლებსაც სპეციფიკური ნარატივები უნდა გაეტარებინათ. კერძოდ: ჯერ „ენჯეოს“ დაარქმევდნენ, რომ შენ ხარ სამოქალაქო საზოგადოება, ანუ „ენჯეო“ უდრის საზოგადოებას და რასაც იტყვის „ენჯეო“ ის არის საზოგადოების აზრი. დღესაც ხომ ეს გვესმის უცხოელებისგან?! ჯერ ფულს უხდიან, ეუბნებიან რა უნდა ილაპარაკონ, რა ნარატივი უნდა ატარონ, შემდეგ ამას გვასაღებდნენ როგორც საზოგადოების აზრს, მოდიან ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან და ესა თუ ის ელჩი და გვეუბნება – თქვენს საზოგადოებას უნდა ეს! საიდან იცის? – უთხრა მისმა „ენჯეომ“. ასეთი მავნე შეკრული წრე შექმნეს ამ დაფინანსებებით, რითაც ჩრდილი მიაყენეს კარგ საქმეს, რომელიც ასეთი საგარეო დახმარებით კეთდება საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.