შალვა პაპუაშვილი მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე: როდესაც გვაქვს აღიარება დონორის მხრიდან, რომ თანხები იხარჯებოდა პროპაგანდაში, ჩვენ ამ პროპაგანდის საწინააღმდეგო ზომები უნდა მივიღოთ
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მედიასთან დაკავშირებულ იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში ე.წ. ბრიტანული მოდელის გადმოტანას გულისხმობს. “ვიღაცა საკუთარი სიამოვნებისთვის კი არ ავრცელებს ფეიკ ნიუსებს, ამას აქვს პოლიტიკური მიზანი, რომ გათიშონ საზოგადოება, მათ შორის შეუქმნან ხელისუფლების მიმართ სიძულვილის გარემო და საზოგადოება დააპირისპირონ ერთმანეთს. ეს არის მიზანი თორემ ტყუილ – მართლის გარჩევაზე კი არ არის საკითხი და იმაზე, რომ ვიღაცას რაღაცა შეეშალა და არა პროფესიულად იმუშავა. ამას აქვს პოლიტიკური მიზანი, რომელსაც აქვს მავნე შედეგები საზოგადოებაზე. დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებული თვით რეგულირების სისტემები არ მუშაობს. ეს არის ფაქტი. ეს ასე, რომ არ იყოს ჩვენ მაშინ არ გვექნებოდა ამდენი ფეიკ ნიუსი, რომელმაც წალეკა ჩვენი მედია სივრცე. არის მეორე საკითხი, უცხოური დაფინანსებისა მედიაში. ჩვენ ვნახეთ აღიარება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარება იხარჯებოდა საერთაშორისო მედია ქსელის შექმნაში, რომელსაც უნდა უზრუნველყო დამკვეთისთვის საჭირო ნარატივის გატარება სხვადასხვა ქვეყანაში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისვე განცხადებით, რამდენიმე ასეული მედია, ასეულობით მედია-ენჯეო და ათასობით ჟურნალისტი იჯდა ხელფასზე ფაქტობრივად ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარებიდან და ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხაზე და მისი მიზანი იყო, რომ რაც აწყობდა და იყო მნიშვნელოვანი დამკვეთისთვის, ის ნარატივი გაემყარებინათ და გაეძლიერებინათ და ის რისი მიჩქმალვაც სურდა დამკვეთს, ის ფაქტები დაემალათ. თავად დონორი, რომ ამას აღიარებს, რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება არის საჭირო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კარგია ის, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ასეთ დაფინანსებებს აუქმებს, თუმცა შტატების გარდა სხვა ქვეყნებშიც ფუნქციონირებენ ფონდები, რომლებიც საქართველოში დეზინფორმაციის კამპანიაზე მუშაობენ.
„ამერიკის შეერთებული შტატების მიღმა სხვა ქვეყნები არის და სხვა ფონდები, რომელიც საქართველოში ამ მხრივ მუშაობენ. რომელი მედია არის უცხოური დაფინანსებული, რომელზეც ვიტყოდით, რომ ის საუკეთესო ჟურნალისტური სტანდარტებით მოქმედებს და არ არის პარტიული პროპაგანდა? ამიტომ, როდესაც გვაქვს აღიარება დონორის მხრიდან, რომ თანხები იხარჯებოდა პროპაგანდაში, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროპაგანდის საწინააღმდეგო ზომები უნდა მივიღოთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.