პაპუაშვილი – “კომისიაზე მუშაობის პროცესში კიდევ ერთხელ დავინახეთ ჩვენ ერთი რამ, ჩვენი მაშინდელი ხელისუფლება როგორ დანაშაულებრივად იქცეოდა აგვისტოს ომის შემდეგ” 

“კომისიაზე კიდევ ერთხელ დავინახეთ ჩვენ ერთი რამ, ერთი მხრივ, ჩვენი მაშინდელი ხელისუფლება როგორ დანაშაულებრივად იქცეოდა აგვისტოს ომის შემდეგ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიამ ჯერ დეტალებში უნდა ჩაიხედოს.

„რეალურად, ჯერ საგამოძიებო კომისიამ უნდა ჩაიხედოს დეტალებში, მაგრამ ჩანს, მინიმუმ ეს არის დანაშაულებრივი დაუდევრობა, როგორც ისინი ეპყრობოდნენ მტკიცებულებებს და შესაძლოა ამის უკან იყოს კიდევაც განზრახვა, რომ მიეჩქმალათ ზოგიერთი დანაშაული. მეორეს მხრივ, წარმოეჩინათ ისე, თითქოს საქართველოს სამხედროებსაც მიუძღოდათ წვლილი ამა თუ იმ გადაცდომებში. მოვისმინეთ გუშინ ჩვენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან აღწერა იმ პროცესისა, რომელიც მიდიოდა. რა დახვდა 2012 წელს ხელისუფლებას პროცესების სახით. ეს იყო, ფაქტობრივად, წაგებისკენ მიმავალი საქმეები როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში და რამხელა ძალისხმევა დასჭირდა, რომ შემოეტრიალებინა ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. შემოეტრიალებინა კერძოდ რა, ის, რომ ფაქტობრივად ჩვენი ჯარისკაცების დადანაშაულებისკენ მიდიოდა, ომის დანაშაულისკენ მიდიოდა საქმე, როგორც ეს ჰქონდა აწყობილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობას ჰააგაში და ეს შემოატრიალა „ქართულმა ოცნებამ“. სრულად გამართლდა ყველა, თითოეული ჩვენი ჯარისკაცი აგვისტოს ომის დროს და დადგინდა რომ, ომის დანაშაულები ჩადენილი იქნა რუსეთის საჯარისო შენაერთების წარმომადგენლების მხრიდან თუ მათი მარიონეტი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მეორე, ჩვენ ვნახეთ სტრასბურგის სასამართლოში როგორ იყო პროცესები წასული. 3000-ზე მეტი საქმე იყო, მომჩივანი იყო საქართველოს წინააღმდეგ და ესეც გაჟღერდა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო დამხმარე საქართველოს წინააღმდეგ საქმეებისა სტრასბურგში. ეს ხომ სკანდალია. მაშინდელი ახალგაზრდა იურისტთა საზოგადოების წარმომადგენლები დღეს არიან პოლიტიკაში და პატრიოტიზმზე საუბრობენ. აი, ეს ხალხი იყო ჩართული საქართველოს წინააღმდეგ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საქმის წარმოებაში. ასე რომ, ამასაც, რა თქმა უნდა, დეტალურად შეისწავლის საგამოძიებო კომისია.

დავადგინეთ, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, თუ არა ყველაზე მთავარი მტკიცებულება, ეს გახლდათ „ისკანდერის“ დეტალები, რომელიც იყო მტკიცებულება, რომ მას შემდეგ რაც საქართველომ ცალმხრივად შეწყვიტა საომარი მოქმედებები 10 აგვისტოს, 12 აგვისტოს უკვე წინასწარ განზრახულ მშვიდობიან ქალაქზე მოხდა „ისკანდერის“ სროლა და რომ არა ეს ფრაგმენტები, ამის მტკიცება იქნებოდა რთული. ეს ფრაგმენტები ასე მეგობრობით ჰქონდათ გატანებული ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები