“ვიწყებთ მზია ამაღლობელის მკურნალობის პროცესს; კლინიკა, ექიმების გუნდი მზად არის, დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი” – ზურაბ ჩხაიძე

“მთელი ეს დღეები ვცდილობდით, რომ მიგვეღწია ამ შეთანხმებას-კლინიკა, ექიმების გუნდი მზად არის დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი”, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა და გამოეხმაურა ფაქტს, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა.

მისი თქმით, ამ ხანგრძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან.

„გუშინ გავაკეთეთ მიმართვა მისი კოლეგების მიმართ. [შიმშილობის შეწყვეტა] ძალიან გვახარებს. მთელი ეს დღეები ვცდილობდით, რომ მიგვეღწია ამ შეთანხმებას. მინდა მადლობა ვუთხრა კოლეგებს, ვინც მიმართვა გააკეთა. სამწუხაროდ, მაინც აღმოჩნდა რამდენიმე ვაი ჟურნალისტის სამიზნე კლინიკა და მე მადანაშაულებდნენ. ამ ხანგრძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების მოშლა, რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ცუდ გამოსავალთან. დღეს რა მოცემულობაც გვაქვს სასიხარულოა.

დავიწყებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის რაც უკავშირდება ე.წ. რეფიდინგის სინდრომს. ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებული კვებისას. კლინიკა, ექიმების გუნდი მზად არის დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი“, – განმარტა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები