კახა კალაძე: გამჭვირვალობის კანონის გამკაცრება და მედიის ახალი რეგულაციების შემოღება აუცილებელია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში აუცილებელი და მნიშვნელოვანია გამკაცრდეს კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, ასევე დამკვიდრდეს ის რეგულაციები, რაც დიდ ბრიტანეთში მედიასთან მიმართებით მოქმედებს.
„როდესაც დავიწყეთ გამჭვირვალობის კანონპროექტზე მუშაობა, გახსოვთ, როგორი აგრესია წამოვიდა, როგორი სიცრუის და ცილისწამების ტალღა აგორდა. რით იყო ეს ყველაფერი გაჯერებული? გვეუბნებოდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია და არ შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალე იყოს. თუმცა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ეს ყველაფერი ცხადი და ნათელი გახდა. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში, ერთი განცხადებით ცხადი და ნათელი გახდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, გამჟღავნდა, რომ USAID -ის და NED – ის ფინანსური ხარჯები „შეფუთული იყო როგორც დემოკრატიული პროცესები, ხოლო რეალურად მიემართებოდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებსა და ხელისუფლებების დამხობაზე“.
„ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გამკაცრდეს გამჭვირვალობის კანონი და გადმოვიტანოთ FARA-ს ანალოგი, სადაც კონკრეტულ დანაშაულზე არის სისხლის სამართლის სასჯელი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, შესაცვლელია ის მანკიერი სტანდარტები, რაც დღეს ცალკეულ მედიასაშუალებებში ცილისწამებისა და ტყუილის ტირაჟირების თვალსაზრისით არსებობს.
„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ გვინდა ბრიტანული სტანდარტების გადმოტანა და იგივე პრინციპებით მოქმედება საქართველოში. რაც დღეს ხდება, წარმოუდგენელია. ყველანაირი ცილისწამება და ტყუილი შეგიძლია ადამიანს დააბრალო, ამის შემდეგ თავი უნდა იმართლო, რომ არ ხარ, მაგალითისთვის, სპილო და ა.შ. რამდენი „ფეიკნიუსი“ ვრცელდება, რამდენი ტყუილი, და ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ქვეყანაში ჟურნალისტიკის ხარისხსაც აამაღლებს.