“პიკზე ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც გრიპის შემთხვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე, ჩამოსცილდება 50%-ს” – ივანე ჩხაიძე
“თებერვლის მეორე კვირის მონაცემებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ქვეყანაში პიკი გადავლილი არ არის. პიკზე ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც გრიპის შემთხვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე, ჩამოსცილდება 50%-ს”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანა სწორედ ახლა იმყოფება პიკის პერიოდის წინაშე.
“დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, როგორც A, ისე B ტიპის ვირუსს, ახასიათებს მაღალი ცხელება, ძლიერი თავის, თვალების, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე, უმადობა, სწორედ ეს განასხვავებს გრიპის ვირუსს სხვა ტიპის ვირუსებისგან და როდესაც გვესმის მოთხოვნა ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად მიიჩნევენ, ჩატარდეს ტესტირება და შემდეგ განისაზღვროს არის თუ არა გრიპის ვირუსი, ამ პერიოდში, გრიპის ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდში ტესტირების ჩატარების აუცილებლობა ნამდვილად არ არის. ამ კლინიკური სურათის მატარებელი ქვეყანაში მხოლოდ გრიპის ვირუსია.
თებერვლის მეორე კვირის მონაცემებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ქვეყანაში პიკი გადავლილი არ არის. პიკზე ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც გრიპის შემთხვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე, ჩამოსცილდება 50%-ს, ანუ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 50%-ზე ნაკლები თუ დაფიქსირდა გრიპის შემთხვევები, თან ეს დაფიქსირება სტაბილური უნდა იყოს მინიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე პიკი გადავლილია.
ჯერჯერობით, ეს მაჩვენებელი მაღალია. ახლა ვართ ნამდვილად პიკის ეტაპზე”, – განმარტა ჩხაიძემ.