ზელენსკი: მე მხოლოდ ერთ რუსს შევხვდები – პუტინს, მხოლოდ მაშინ, როცა ტრამპს, ევროპას და მე საერთო გეგმა გვექნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან მხოლოდ ვლადიმერ პუტინთან აპირებს შეხვედრას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ულტიმატუმი დაკმაყოფილდება.

მისი თქმით, უკრაინამ უკვე სცადა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკება, მაგრამ მოსკოვმა შეთანხმება არ შეასრულა.

როგორც ზელენსკი აცხადებს, რუსეთთან ახალ მოლაპარაკებებში უკრაინამ და დასავლეთმა ერთიანი ფრონტი უნდა წარმოადგინონ.

„ჩვენ გვქონდა საუბარი პუტინთან ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და ტყვეთა გაცვლაზე, მაგრამ მან პატიმრები არ გაცვალა. ის მატყუარაა“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მისივე თქმით, ომის დასრულებაზე რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებამდე კიევი ევროპასა და შეერთებულ შტატებთან საერთო პოზიციაზე უნდა შეთანხმდეს.

„მე შევხვდები მხოლოდ ერთ რუსს – პუტინს. მხოლოდ მაშინ, როცა ტრამპს, ევროპას და მე საერთო გეგმა გვექნება. მაშინ პუტინთან დავჯდები და ომს შევწყვეტთ. მზად ვარ შევხვდე მხოლოდ ამ პირობით და არა სხვა კომპრომისული პირობებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ომი არ არის მხოლოდ კონფლიქტი ორ სახელმწიფოს შორის, არამედ ერთი ქვეყნის თავდასხმა მეორეზე.

„ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდება შუამავალი, ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატები, რომ იყოს ჩვენს მხარეს“, – თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ბოლო სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა მას პირადი ტელეფონის ნომერი მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები