„მუკუზანის“ დაფარვის ზონა ფართოვდება

   საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება ,,მუკუზანის“ დაფარვის ზონა გაფართოვდება. „საქპატენტის“ ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ „საქპატენტში“ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, გაფართოვდება დასახელება „მუკუზანის“ დასამზადებლად საჭირო ყურძნის სპეციალური ჯიშების მოპოვების საზღვრები და იგი, მუკუზანის, ზეგანის და ველისციხეს ტერიტორიებთან ერთად, ახაშენის და ჩუმლაყის ტერიტორიასაც მოიცავს.
მუკუზანი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი, წითელი, მშრალი ღვინო, შესაბამისად, დარგის სპეციალისტების მიერ ახალი დოკუმენტაციის შემუშავება მუკუზანის ზონის გაფართოებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს შეუწყობს მუკუზანის წარმოების ზრდას. დოკუმენტაცია განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე გამოქვეყნდა „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში. კანონის თანახმად, თუ „საქპატენტში“ მასალების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში  შევა დამატებითი ინფორმაცია მასალებთან დაკავშირებით, ეს ინფორმაცია შესასწავლად გადაეგზავნება შესაბამის დარგობრივ სამინისტროს. „საქპატენტის“ ცნობით, დღეის მდგომარეობით, დასახელება „მუკუზანი“ „საქპატენტის“ მიერ უკვე დარეგისტრირებულია აშშ-ში, ევროკავშირში, ყაზახეთსა და ბელორუსში. ასევე, რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს რუსეთსა და ჩინეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები