ევროპარლამენტში „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფის სახელით ევროდეპუტატებმა, ჰანს ნოიჰოფმა, ალექსანდერ ზელიმ, პეტრ ბისტრონიმ, ტომაშ ფროელიხმა, პეტარ ვოლგინმა, სტანისლავ სტოიანოვმა რეზოლუციის პროექტი წარადგინეს.
რეზოლუციის პროექტში საუბარია, რომ აღნიშნული საპარლამენტო ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღოს პრაგმატული და სტრატეგიული მიდგომა საქართველოს მიმართ, ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, ჩაებას კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს ახალ მთავრობასთან და აღიაროს, რომ მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლა მხოლოდ დააშორებს საქართველოს ევროპული თანამშრომლობისგან.
„ვინაიდან საქართველო არის საერთაშორისო სამართლით აღიარებული სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს სრული უფლებამოსილება, განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სისტემა, ჩაატაროს არჩევნები და მართოს საკუთარი თავი უცხო აქტორების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის გარეშე; ვინაიდან 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების ფართო შესაბამისობით და ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი ახალი მთავრობის შემადგენლობის შესახებ; ვინაიდან საქართველოს ახალი მთავრობა რჩება ევროინტეგრაციის ერთგული, აგრძელებს ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვას ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემის უზრუნველყოფით; ვინაიდან შვედეთის პოლიტიკური მეცნიერების კვლევითი ინსტიტუტის Varieties of Democracy (V-Dem)-ის მიხედვით, საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ევროპაში და მთელ მსოფლიოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების, სასამართლო მართლმსაჯულებაზე სამთავრობო თავდასხმებისგან თავისუფლების და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის თანასწორი დაცვის სფეროში; აღნიშნავს, რომ საქართველომ მიაღწია ისტორიულად მაღალ რეიტინგს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფო მშენებლობის ევროპული კვლევითი ცენტრის საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსში; ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა გამოხატა მზადყოფნა, ჩაებას დიალოგში ევროკავშირთან საკანონმდებლო საკითხებზე და კონსტრუქციულად მოლაპარაკებოდა სადავო სამართლებრივი დებულებების გადაწყვეტაზე; ვინაიდან საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ღირებულებას ევროკავშირისთვის, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, ლოგისტიკაში, უსაფრთხოების და ეკონომიკურ განვითარებაში, რაც უნდა იქნეს აღიარებული და მხარდაჭერილი და არა შესუსტებული პოლიტიკური დავებით; იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მათ შორის უარს ამბობს აღიაროს, საქართველოში არჩევნების ლეგიტიმურობა და აგრძელებს მხარდაჭერას ოპოზიციური მოძრაობებისადმი, ეს საფრთხეს უქმნის ნდობას და ასუსტებს რეგიონში ევროკავშირის სანდოობას; ვინაიდან სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი განმტკიცებულია გაერო-ს ქარტიის 2(1) და 2(7) მუხლებში, და ევროკავშირის მიერ საქართველოს დემოკრატიული არჩევანის პატივისცემის უგულებელყოფა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას; ვინაიდან საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზადყოფნა, ჩაებას კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში ევროკავშირთან, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთმა ინსტიტუტმა უარი თქვა ამ გახსნილობის აღიარებაზე, არჩია რა სანაცვლოდ ქვეყანაზე ცალმხრივი მოთხოვნების დაწესება; ვინაიდან ევროკავშირის დაჟინება რეგიონული და კულტურული მოსაზრებების უგულებელყოფაზე – როგორიცაა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება უცხოურ გავლენასთან და საჯარო მორალთან დაკავშირებულ კანონებზე – უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას და ძირს უთხრის პოლიტიკურ პლურალიზმს; ვინაიდან ევროკავშირი აგრძელებს ზეწოლას საქართველოზე, მათ შორის სანქციების მუქარით და ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერებით, ეს წარმოადგენს გაუმართლებელ სადამსჯელო მიდგომას, რომელიც ევროკავშირს აშორებს რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
„სუვერენულ ერთა ევროპა“ გმობს ევროკავშირის უარს, აღიაროს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა და ევროკავშირის ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში.
„ადასტურებს, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მმართველობის არჩევანი საქართველოში მხოლოდ ქართველი ხალხის საქმეა და უნდა განხორციელდეს გარე ჩარევის ან ზეწოლის გარეშე; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტის მზადყოფნას ჩაებას ღია დიალოგში, ნაცვლად ცალმხრივი მოთხოვნების დაწესებისა, რომლებიც უგულებელყოფენ საქართველოს პოლიტიკურ რეალობას; მოუწოდებს ევროკავშირს, ჩაებას კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს ახალ მთავრობასთან და აღიაროს, რომ მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლა მხოლოდ დააშორებს საქართველოს ევროპული თანამშრომლობისგან ნაცვლად ინტეგრაციის ხელშეწყობისა; მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღოს პრაგმატული და სტრატეგიული მიდგომა საქართველოს მიმართ, ხაზი გაუსვას ორმხრივ სარგებელს ისეთ მთავარ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოება, ვაჭრობა და რეგიონული სტაბილურობა, ნაცვლად იდეოლოგიურ უთანხმოებებზე ფოკუსირებისა; აფრთხილებს, რომ ევროკავშირის ჩარევისა და პოლიტიკური ზეწოლის პოლიტიკამ საქართველოში, შესაძლოა, შეასუსტოს ევროკავშირის პოზიციონირება კავკასიის რეგიონში, დააზიანოს მისი უნარი დაამყაროს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მდგრადი პარტნიორობა; აფრთხილებს, რომ ევროკავშირის მუდმივმა ჩარევამ საქართველოს შიდა საქმეებში შეიძლება, გააღვივოს ძლიერი ანტიევროპული განწყობები ქართულ საზოგადოებაში; მოითხოვს, რომ ევროკავშირმა შეწყვიტოს იმ ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერა, რომლებიც არ წარმოადგენენ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას და ნაცვლად ამისა, ყურადღება გაამახვილოს ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობასთან ინსტიტუციური დიალოგის გაღრმავებაზე; კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სუვერენიტეტი და დემოკრატია არ შეიძლება, იყოს სელექციურად გამოყენებული და საერთაშორისო სამართალი ავალდებულებს ყველა სახელმწიფოსა და ორგანიზაციას, მათ შორის ევროკავშირს, პატივი სცეს თვითგამორკვევისა და ჩაურევლობის პრინციპებს; მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღოს საქართველოს მიმართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა, აღიაროს ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა და მისი ლეგიტიმური დემოკრატიული პროცესები კონფრონტაციული მიდგომის ნაცვლად; ავალებს თავის ევროპარლამენტის პრეზიდენტს გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტს, და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.