“სამი წლის განმავლობაში შევძელით ის, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მაინც მივიღეთ და გამოვაჩინეთ არასამთავრობო სექტორი, რომელიც USAID-დან შავი ფულით პირდაპირ არასწორი მიზნებით ფინანსდებოდა” – მაჭარაშვილი
“ყოველ დღე ის მტკიცდება, რასაც ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ვამბობდით – საქართველოში დონორი ორგანიზაციები, მათ შორის USAID-ი აფინანსებდა რევოლუციებს, რადიკალურ პროცესებს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ყოველ დღე გვესმის, რომ USAID-დან ათობით მილიარდი წასულია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში და თან არამიზნობრივად და არასწორად. ამერიკის ხელისუფლება ამ ორგანიზაციას კრიმინალს და არაკომპეტენტურს უწოდებს. სამი წლის განმავლობაში შევძელით ის, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მაინც მივიღეთ და გამოვაჩინეთ არასამთავრობო სექტორი, რომელიც USAID-დან შავი ფულით პირდაპირ არასწორი მიზნებით ფინანსდებოდა. ესეც უკვე დადგინდა. USAID-ი როცა პრაქტიკულად დაიხურა, საქართველოში „ენჯეო“ სექტორიდან არცერთს ხმა არ ამოუღია. ერთ-ერთი მაინც გამოსულიყო და სათავო ოფისი დაეცვათ. ხომ ამბობდნენ, რომ მათი მუშაობა გამჭვირვალე იყო და კანონი არ სჭირდებოდათ, ახლა მაინც გამოვიდნენ და თქვან, მილიონები რაც ჩაირიცხა, რაში დახარჯეს. ამას ვერ გააკეთებენ, რადგან დღეს ამერიკის ხელისუფლებამ თქვა, რომ ამ ორგანიზაციაში თაღლითური სქემები იყო და როგორც ჩანს, ამაში ქართული ფილიალიც მონაწილეობდა. სწორედ ამიტომ ვერაფერს ვერ ამბობენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.