ეკა სეფაშვილი: აუცილებელია საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ნების შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა

საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით ქვეყნის ეროვნული ინტერესის გათვალისწინებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ხალხის ძალის” საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. კომიტეტმა სხდომაზე 2025 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა და დაამტკიცა. საკითხზე მომხსენებელ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი იყო.

„ძალიან დიდი ყურადღებით გავეცანი სამოქმედო გეგმას და მართლაც ყველა მიმართულება არის ძალიან დაწვრილებით მიმოხილული და აღნიშნული სამოქმედო გეგმაში. იმედი მაქვს, რომ მთელ ამ სამუშაოს განხორციელებას ჩვენ მომავალი წლის განმავლობაში მოვახერხებთ, იმიტომ, რომ ნამდვილად მასშტაბური ღონისძიებები არის დაგეგმილი.

მე ძალიან კარგად მესმის პოზიცია, რომ აუცილებელია ევროპაში ინტეგრაცია განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ეს საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში უნდა მოხდეს სხვადასხვა სტრატეგიული მიზნების ფარგლებში. უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ნების შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და შესაბამისობაში მოყვანა, რათა ისე არ მოხდეს, რომ ევროპული ინტეგრაცია ეწინააღმდეგებოდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ თუ უსაფრთხოების ინტერესებს. ეს პოზიცია მისასალმებელია და ძალიან კარგია, რომ ამ მიმართულებით გვექნება მუშაობა,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

რაც შეეხება სხვადასხვა აქტივობებს, როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, კომიტეტის სხდომაზე მას ჰქონდა გამოთქმული არაერთი მოსაზრება რამდენიმე საკითხზე. დღეს კი, დეპუტატმა კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. საქმე ეხებოდა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიაში მისი მონაწილეობის საკითხს. „თუ არის შესაძლებელი ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიაში მონაწილეობის კუთხით ჩემი აქტიური ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი, იმიტომ, რომ ჩემი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, როცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვმუშაობდი, ევროპაში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მუშაობაში აქტიურად ვიყავი ჩართული და სურვილი მაქვს გავაგრძელო იგივე მიმართულებით მუშაობა, რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებელია,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატის ეს წინადადება მიღებული იქნა და როგორც ლევან მახაშვილმა განაცხადა, ეს აქტივობა ის მიმართულებაა, რომელშიც პრაქტიკულად კომიტეტის ყველა წევრის ჩართულობაა გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები