“ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა განცხადება, რომელიც შეიძლება, „გულწრფელობით“ იყოს ნაკარნახევი, არასერიოზულია” – ლევან მახაშვილი
“ჩვენმა საზოგადოებამ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი, პოლიტიკური პრეფერენციები უკვე ნახა, ეს ადამიანი პარლამენტის წინ იდგა და, ფაქტობრივად, თავისი პოლიტიკური მხარდაჭერით ძალადობრივ პროცესებს ახალისებდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა განცხადება, რომელიც შეიძლება, „გულწრფელობით“ იყოს ნაკარნახევი, არასერიოზულია.
“ჩვენ ვიცით, მისი შიდა მხარდაჭერა რა არის, ამიტომ ვურჩევ, რომ საკუთარ მოსახლეობაზე უფრო მეტად იზრუნოს, ვიდრე ვითომ, საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის მეგობრის სახელით რომ მიმართავს. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ევროკომისიის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ არცერთი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმის, რომ საქართველოს თაობაზე ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. როგორც წესი, ეს ადამიანი სათავეში უდგას ხოლმე საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებას ევროკავშირის ინსტიტუტებს ამოფარებული. მას ვურჩევდი, რომ ამ საკითხის სპეკულირებას თავი დაანებოს, რადგან ვიზალიბერალიზაცია არ ეკუთვნის არც რომელიმე მთავრობას და არც რომელიმე პოლიტიკოსს, ეს საქართველოს მოსახლეობას ეკუთვნის. როცა ვინმე ამ საკითხზე კითხვას სვამს, ის პირდაპირ იერიშზე გადის საქართველოს მოსახლეობასთან და მის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ახლანდელი კურსით ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში.