„ტავ ჯორჯია“ საავიაციო სფეროში კადრების მომზადებას განაგრძობს
„ტავ ჯორჯიასა“ და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტაჟიორების მორიგი ნაკადი მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეიდან, 1 თვის განმავლობაში თბილისის აეროპორტის სახმელეთო მომსახურების დეპარტამენტში საავიაციო უნივესიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის 30-მდე სტუდენტი გაივლის პრაქტიკას.
„სტაჟირების დასრულების შემდეგ ყველა მათგანს აქვს შესაძლებლობა გამოხატოს ტავ ჯორჯიაში დასაქმების სურვილი და გაიაროს შესაბამისი გასაუბრება და ტესტირება.
„ტავ ჯორჯია ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს საავიაციო ბაზარზე. ამ დროისთვის თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველ კომპანიასა და მის შვილობილ კომპანიებში 1700-ზე მეტი პირია დასაქმებული. ქართული ავიაციის მომავლისთვის კვალიფიციური კადრების რესურსის შექმნა ჩვენი, ტავ ჯორჯიას გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია… 20 წელია ტავ ჯორჯია ქართულ საავიაციო ბაზარზე ამ რესურსს ქმნის და უკვე ძალიან დიდი საქმე გვაქვს ამ მხრივ გაკეთებული.“ – აცხადებს „ტავ ჯორჯიას” სახმელეთო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე მიქაუტაძე.
„ტავ ჯორჯია“ და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი შესაბამისი მემორანდუმის ფარგლებში უკვე წლებია ერთობლივად მუშაობენ სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებაზე და საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებაზე. ეს თანამშრომლობა გულისხმობს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის აეროპორტის მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების სამსახურებში სამუშაო პრაქტიკის შეთავაზებას, რაც სტუდენტებს სასწავლო კრედიტებში ეთვლებათ, ტავ ჯორჯია კი სამუშაო საათებში მათ კვებას უზრუნველყოფს.
„ტავ ჯორჯია“ ფრანგული ADP ჯგუფის წევრია და TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. კომპანიამ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების აშენებასა და განვითარებაში 225 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, ტავ ჯორჯია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიკურ კომპანიას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.