ტოსკანამ ევთანაზიის კანონი მიიღო
იტალიაში, ტოსკანის რეგიონულმა საბჭომ ევთანაზიის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Repubblica ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტოსკანა ქვეყანაში პირველი რეგიონი გახდა, რომელმაც ამ სფეროში ეროვნული კანონმდებლობის არარსებობის მიუხედავად აღნიშნული რეგულაცია მიიღო.
კანონპროექტის შემუშავებას და მიღებას ქვეყნის უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეუწყო ხელი, რომელმაც 2019 წელს ევთანაზიის განხორციელებაში დახმარება რიგ შემთხვევებში ლეგალურად ცნო და ექიმები, რომლებიც თავიანთ პაციენტებს ნებაყოფლობით სიცოცხლის დასრულებაში ეხმარებოდნენ, სასჯელისაგან გაათავისუფლა.
ლეტალური წამლის ადმინისტრირების პროცედურა რეგიონულ პარლამენტში მემარცხენე ცენტრის დეპუტატებმა დაამტკიცეს, მათ შორის იყვნენ დემოკრატიული პარტია და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“, რომლებიც ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში მემარჯვენე ცენტრის უმრავლესობას ეწინააღმდეგებიან.