ირაკლი ზარქუა: რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს
„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებას გამოეხმაურა.
“მორიგი თავხედობაა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან მივიღეთ, მილიონ ასი ათასი მოქალაქისგან. საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ იგეგმება და გამორიცხულია, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად სცეს პატივი ადამიანთა უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხრივ ევროპულ სტანდარტებს, გზა გაუხსნას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, ასევე მოუწოდებს სამართლიანი მოპყრობისკენ ყველა ქართველის, მათ შორის ადგილობრივი არჩეული წარმომადგენლების მიმართ. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია და გამოხატოს გულწრფელი, ღია და კონსტრუქციული დიალოგის მზაობა ოპოზიციასთან.