არჩილ გორდულაძე – როდესაც ვსაუბრობდით, რომ კონკრეტული დონორები სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას აფინანსებენ და ამ ყველაფერზე არანაირი განცხადება არ კეთდება, ეს გვიჩენს ვარაუდს, რომ ზუსტად დონორების ინტერესშია, ეს ქმედებები ჩვენს ქვეყანაში იყოს დაფინანსებული და განხორციელებულიც
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, გარე ჩარევასა და საქართველოში კონკრეტული დონორების მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი პროცესების დაფინანსებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ხელისუფლება ამ ფაქტებზე მიუთითებდა, მეორე მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
როგორც გორდულაძემ განაცხადა, ეს ყველაფერი აჩენს ვარაუდს, რომ სწორედ დონორების ინტერესებში შედიოდა მსგავსი ქმედებები ქვეყანაში დაფინანსებული ყოფილიყო და შემდგომ აღსრულებულიყო. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ აშშ-ში მოქმედი კანონი, რომლითაც ამერიკა თავის სუვერენიტეტს იცავს, საქართველოშიც ამოქმედდეს და საქართველოს ინტერესების დაცვა უზრუნველყოს.
“როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით გარედან ჩარევებზე და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ კონკრეტული დონორები, სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას აფინანსებენ, მათ შორის, აფინანსებენ მოლოტოვის სროლის კამპანიას, რომ თითქოს, ეს არის დემოკრატიის უმაღლესი მწვერვალი, მაშინ, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგალითად, დანიიდან, პირდაპირ ფინანსდება ე.წ. ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური აქტივობები წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ, როდესაც კონკრეტული შვედი დიპლომატი, ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ეთერში მოუწოდებს ხალხს, რომ საქართველოში ახალი მაიდანი იყოს მოწყობილი და ამ ყველაფერზე არანაირი განცხადება არ კეთდება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გვიჩენს ვარაუდს, რომ ზუსტად დონორების ინტერესშია, რომ ეს ქმედებები ჩვენს ქვეყანაში იყოს დაფინანსებული და შესაბამისად, განხორციელებულიც.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გამჭვირვალობის კანონი არსებობდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ USAID-თან და NED-თან დაკავშირებული სკანდალები, რომელიც აშშ-ში ტრიალებს, თავისი ასახვა პოვოს ჩვენს ქვეყანაშიც და არა მხოლოდ ჩვენი განცხადებები არის თითოეულ დონორთან თუ დაფინანსებულ ქმედებებთან დაკავშირებით – ეს ყველაფერი, მათ შორის, აშშ-ში არის ახლა ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მიერ მხილებული და როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები, ჩვენც გვაქვს ანალოგიურად ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულება და შესაძლებლობაც. ზუსტად ამიტომ გვაქვს მიზანი, მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს აშშ-ში, რომელიც უზრუნველყოფს ამერიკული სუვერენიტეტის დაცვას. შესაბამისად, ამერიკული კანონით ჩვენ დავიცავთ ქართულ სუვერენიტეტს.” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.