მილანის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, მილანის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდით წარდგა. BIT 2025-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 6 ტურისტულ კომპანიასთან ერთად მონაწილეობს. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებია წარმოდგენილი.

BIT 2025-ს გახსნის ცერემონიალში, სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სამინისტროებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. გამოფენის ფარგლებში, მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა იტალიური ტურისტული, PR და მარკეტინგული კომპანიების, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად იმყოფება იტალიაში, ქალაქ მილანში, BIT 2025-ზე, გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი გამოფენა იტალიაში, სადაც წელს 40 ათასზე მეტი ვიზიტორია დარეგისტრირებული. 3 დღის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრებს ვმართავთ ადგილობრივ კომპანიებთან, რომ ბევრად მეტი ტურისტი მოვიწვიოთ საქართველოში, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, ქართული ტურისტული პროდუქტები. იტალია და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, სადაც აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვმართავთ”, – განაცხადა მაია ომიაძემ.

გამოფენას ესწრება მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია.

„BIT Milano ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა. ზოგადად დიდი ინტერესია საქართველოს ტურიზმთან მიმართებით და ვფიქრობ, ეს ღონისძიება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც დაეხმარება ტურისტების მოზიდვას საქართველოში”, – აცხადებს ნატალია კორძაია.

მილანის ტურისტულ გამოფენაზე, B2B ფორმატის ფარგლებში, საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ იტალიელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოში ტურისტთა ნაკადის მოსაზიდად.

„დიდ შედეგებს ველოდებით წლევანდელი გამოფენიდან, ძალიან გაზრდილია ინტერესი იტალიიდან, აპრილიდან Easyjet იწყებს ფრენებს მილანიდან თბილისის მიმართულებით. ძალიან დაინტერესდნენ გამოფენის მონაწილეები, ჩვენ ვხვდებით იტალიელ ტუროპერატორებს და ველოდებით დიდ გამოხმაურებას”, – ამბობს Visit Georgia-ს წარმომადგენელი თეა ქავთარია.

BIT 2025-ზე, საქართველოს სტენდთან გამოფენის ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, დააგემოვნონ ქართული ტკბილეული და ღვინო.

„რამდენიმე დღის წინ ქართული მეღვინეობის შესახებ დოკუმენტური ფილმი ვნახე, თუ როგორ ამზადებენ ღვინოს თიხის ლამაზ ჭურჭელში. ძალიან დავინტერესდი ქართული ღვინით, საქართველოთი და ამ გამოფენაზე ვიპოვე. მე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვარ, ღვინო მიყვარს და არასდროს დამიგემოვნებია ასეთი კარგი და უნიკალური ღვინო. ვაპირებ ვესტუმრო თქვენს ქვეყანას”, – ამბობს გამოფენის ვიზიტორი.

ფანტასტიკური ღვინო გაქვთ, რომ გავსინჯე შევიგრძენი საქართველოს კულტურა და ეს გემო არასდროს დამავიწყდება. ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, რადგან საქართველო გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, ტრადიციული ღვინით, კერძებით და ბუნებით”, – ამბობს გამოფენის სტუმარი ჯუზეპე.

მილანის ტურისტული გამოფენა 45 წელია ტარდება და იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ღონისძიებაა. BIT 2025-ზე, 62 ქვეყნიდან ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გამოფენას მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 40 ათასი სტუმარი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები