გიორგი გაბუნია – მზია ამაღლობელზე: ადამიანი, რომელიც ხელს დაარტყამს სამართალდამცველს, საზოგადოების თვალში გმირი ვერ გახდება – მინდა, მას გონიერებისკენ მოვუწოდო და მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან
“წლების განმავლობაში თავად გახლდით უფლებადამცველი და შეუძლებელია მზია ამაღლობელის საკითხი არ მაწუხებდეს. მინდა ქალბატონ მზიას ჯანმრთელობა ვუსურვო და მოვუწოდო, რომ მეტი გონივრულობა გამოიჩინოს და საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოს”, – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
“მაგრამ, უნდა ითქვას, ის, რომ მან ხელი დაარტყა სამართალდამცველს და ადამიანი, რომელიც ხელს დაარტყამს სამართალდამცველს, საზოგადოების თვალში გმირი ვერ გახდება. სინანული, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ბუნებრივია არ გვაძლევს საფუძველს, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარი გავაკეთოთ.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მაწუხებს ამ ადამიანის საკითხი, შემაშფოთებელია ის, რომ ამდენი დღეა შიმშილობს და მინდა მას გონიერებისკენ მოვუწოდო და მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან”, – განმარტა გაბუნიამ “დღის ქრონიკაში” საუბრისას.