არგენტინაში მდინარე წითელი გახდა
მდინარე სარანდი, რომელიც არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის გარეუბანში მიედინება, მოულოდნელად წითელი გახდა. უჩვეულო მოვლენამ მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია, იუწყება ბრიტანული ტელეარხი Sky News.
ინტერნეტში გამოჩნდა მდინარის ფოტოები არაბუნებრივად შეფერილი წყლით. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სარანდი ფერს იცვლის.
„მე მთელი ცხოვრება აქ ვცხოვრობ. დღეს ჩვენ გვაქვს ეს წითელი წყალი. ნაცრისფერი იყო, მწვანე, იასამნისფერი, ლურჯი… ძალიან ყავისფერი”, – განუცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ჟურნალისტებს.
კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ ერთ დღეს სარანდი გაყვითლდა და მჟავე სუნი ასდიოდა.
ადგილობრივმა გარემოსდამცველებმა აიღეს წითელი წყლის ნიმუშები შემდგომი შესწავლისთვის.