კიტ კელოგი: აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააორმაგოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, გააორმაგოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რათა მალე დასრულდეს ომი უკრაინაში,- ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზეწოლის სიმძიმის თვალსაზრისით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ათბალიან სკალაზე, დაახლოებით, სამ ბალზეა.
„ნამდვილად შესაძლებელია სანქციების გაძლიერება, განსაკუთრებით ბოლოს დაწესებული სანქციების. ვინმე თუ იცნობს ზეგავლენის მოხდენის ბერკეტებს, ეს პრეზიდენტი ტრამპია და ეს ნათელია მის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებით“, – განაცხადა კიტ კელოგმა.
ამასთან, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლა არ შეიძლება იყოს მხოლოდ სამხედრო, ასევე საჭიროა ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა.