მაია ომიაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტები გააცნო და 2024 წლის შედეგები შეაჯამა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან 2024 წელი შეაჯამა და 2025 წლის გეგმების შესახებ ისაუბრა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ტურისტული კომპანიების, გიდების, ასოციაციების, განთავსების ობიექტების, სატრანსპორტო კომპანიებისა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მაია ომიაძემ სექტორის წარმომადგენლებს 2024 წლის სტატისტიკური მონაცემები გააცნო, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5.1 მილიონ ვიზიტს მიაღწია, ხოლო, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ახალი რეკორდული მაჩვენებელია 4.4 მილიარდი დოლარი.
მაია ომიაძემ საერთაშორისო ვიზიტორთა დანახარჯების მახასიათებლები მიმოიხილა და საზოგადოებას ახალი განთავსების ობიექტების სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„შევხვდით კერძო სექტორს. ტრადიციულად, წლის ბოლოს ან წლის დასაწყისში ვაჯამებთ წინა წლის შედეგებს, სტატისტიკას და სექტორს ვაცნობთ ახალი წლის გეგმებს, სწორედ ამას ეხმიანებოდა ეს შეხვედრა. კერძო სექტორს გავაცანით 2024 წლის შედეგები, ის მიღწევები რაც გვქონდა შემოსავლების, მოგზაურთა და ვიზიტორთა ნაწილში, ასევე, ის პროექტები, რომელიც განვახორციელეთ. გავაცანით 2025 წლის გეგმები. შემდგომი დისკუსია იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში, გაჟღერდა გამოწვევები, 2025 წელს ველოდებით თუ არა ტურისტების ზრდას. ჩვენ გვქონდა წარდგენილი პროგნოზები, თუ რა მოლოდინები გვაქვს 2025 წელს, როგორც შემოსავლების, ისე ტურისტების ნაწილში, შესაბამისად ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ტურიზმის სექტორს“- განაცხადა მაია ომიაძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებს. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის იმ პროექტებს, რომლებშიც ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართულები: „გემო ფესტი“, „მზისკარი“ და „ღვინის გზა“.
სექტორის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული ტრენინგების შესახებ, რომლის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2024 წელს 2000-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა.
მაია ომიაძემ მიმოიხილა მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები, ბილიკების მარკირება, ასევე ციფრული პროექტები, რომლის ფარგლებში საერთაშორისო გამოფენების სარეგისტრაციო პორტალი exhibition.gnta.ge და კერძო სექტორის პოპულარიზაციისთვის ონლაინ მონაცემთა ბაზა places.georgia.travel შეიქმნა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2025 წლის მარკეტინგულ კამპანიებს, სამიზნე ბაზრებსა და შიდა ტურიზმის განვითარებისათვის დაგეგმილ პროექტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები