აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთ-უკრაინის ომში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს ომის დროს არჩევნების ჩასატარებლად, რადგან ამის შესაძლებლობა „ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანია“.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ მან ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
კელოგის თქმით, არჩევნები იმართება ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში და შეერთებულ შტატებს ასევე ჰქონდა არჩევნები ომების შუაგულში.
„ვფიქრობ, ახლა მათ [უკრაინელებს] ამის ჩატარება არ შეუძლიათ, რადგან ეს მათ კონსტიტუციაშია ჩაწერილი – ისინი ვერ ჩაატარებენ არჩევნებს, სანამ სამხედრო მოქმედებები არ შეწყდება“, – განაცხადა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
როგორც კიტ კელოგი აღნიშნავს, არჩევნების ჩატარება არ ნიშნავს იმას, რომ „ზელენსკი ახლა უნდა წავიდეს“.
„ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი არის ომის დროსაც კი არჩევნების ჩატარების სურვილი და შესაძლებლობა“, – დასძინა მან.