საქართველოს და ბრიტანეთის მხარემ სატრანსპორტო სისტემებზე იმსჯელეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტის დეპარტამენტში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორთან, გრაჰამ დალტონთან და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში არსებულ სატრანსპორტო სისტემას, საგზაო ინფრასტრუქტურასა და ავტომაგისტრალებზე არსებულ მდგომარეობას.
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ამ კუთხით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს იმ ნოვაციებზე, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში წარმატებით იყენებენ. ყურადღება გამახვილდა ტენდერებზე, სახელშეკრულებო პირობებზე კონტრაქტორებთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის, მოხდა გაცნობა გზების მართვის იმ ახალი ელექტრონული სისტემისა, რომელიც დიდ ბრიტანეთში უკვე დაინერგა და წარმატებით მუშაობს.
ასევე, ქართულ მხარეს გადაეცა სხვადასხვა სტატისტიკა, სტანდარტები, მიდგომები და დოკუმენტები, რომლებიც აქტიურად იქნება გამოყენებული საქართველოში ინსტიტუციონალური განვითარებისათვის. მხარეებმა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. დალტონმა ქართველი კოლეგები კიდევ ერთხელ მიიწვია ბრიტანეთში და აღნიშნა, რომ მომავალი ვიზიტის ფარგლებში ქართულ მხარეს კიდევ უფრო დეტალურად გააცნობს სამუშაო პროცესებს, დაათვალიერებინებს ავტომაგისტრალებს და გაუზიარებს იმ ყველა გამოცდილებას, რომელიც მის ქვეყანას ხსენებულ სფეროში გააჩნია.