რატი იონათამიშვილი „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივებზე: ეს არის ამერიკული კანონი და ამერიკაში ამ კანონმა დღესავით უზრუნველყო გამჭვირვალობა
„ეს არის ამერიკული კანონი და ამერიკაში ამ კანონმა დღესავით უზრუნველყო გამჭვირვალობა და ეს ნიშნავს, რომ მან დემოკრატია დაიცვა ფარული და ჩრდილოვანი ქმედებებისგან,“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ამერიკული „ფარას“ ანალოგის კანონის ამოქმედების საჭიროება ნამდვილად არის.
„ვხედავთ, რომ საქართველოში ეს საკითხები დღესაც აქტუალურია, ვინაიდან ის დისკუსია, რომელიც ამერიკაში მიმდინარეობს, როდესაც ჩვენ ვიგებთ, რომ USAID აფინანსებდა ისეთ თანხებს, რომელიც ძირს უთხრიდა სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიას, რა თქმა უნდა ამის საჭიროება დღეს არის. ეს არის საერთო ინტერესი რაც გაგვაჩნია ჩვენ, რაც გააჩნია შეერთებულ შტატებს, რაც ხელს შეუწყობს საბოლოო ჯამში გადატვირთვის პოლიტიკის წარმოებას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, მომდევნო ორი თვის განმავლობაში პარლამენტში არაერთი კანონპროექტი დაინიციირდება, რომელიც როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ ქვეყნის გარედან დაფინანსებულ დესტაბილიზაციის მცდელობებს ეფექტიანად აღკვეთს. ერთ-ერთია გამჭვირვალობის შესახებ რეგულაციები. დაანონსდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის – „ფარას“ ზუსტი ასლის მიღება.