,,ქართული ოცნების” წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები შეაფასა.
„წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო დაპირება და მათ შორის, ამაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილს, რომელიც პატიოსნად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ვინც გაიარა შესაბამისი რეგისტრაცია, გამჭვირვალედ საქმიანობს და არაფერი აქვს დასამალი ქართველი ხალხისთვის, ექნება საშუალება, ქართველი ხალხის დაფინანსებით განახორციელოს ყველა ის პროექტი, რომელიც მართლაც სასარგებლოა საქართველოს სახელმწიფოსთვის, ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, გრანტების შესახებ კანონში ცვლილების შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, „მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან“.