ანა წითლიძე: გახარია ბოლო-ბოლო უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა

ეს ცალსახად არასწორია და ცალსახად ტოვებს სპეკულაციის ძალიან ბევრ ნიშანს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ გიორგი გახარიას პარტია ამ დრომდე თავს იკავებს შესაბამისი მიმართვისგან და ისინი კვლავ რჩებიან მოქმედ დეპუტატებად, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ.

„აბსოლუტურად აბსურდული განცხადება გააკეთეს დღეს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, ეს მანდატები იმისთვის სჭირდებათ, აქციაზე რაღაც იმუნიტეტი ჰქონდეთ, რომ ვიღაცამ არ დააკავოს და ეს ძალიან სასაცილოა“, – აღნიშნა წითლიძემ.

მისივე თქმით, გიორგი გახარია ბოლო-ბოლო უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა.

„მას უნდა, იყოს ნამდვილი ოპოზიცია, როგორიც არის პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც ამ ქვეყნის მომავლისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ უნდა, იყოს რაღაც „ქართული ოცნების“ დანამატი, რომელიც რაღაც გაურკვეველ პოზაშია, თითქოს ოპოზიციაა, მაგრამ არც ოპოზიციაა, თითქოს „ნაცობას“ და „ქოცობას“ ერთ სიბრტყეში აყენებს, გაუგებარ ქარდებს ავრცელებს და ა.შ. არ არის ახლა ის დრო. ახლა, ოპოზიციური პარტიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, საქართველოს მოქალაქე ამ გადამწყვეტ ბრძოლაში არავის არ აპატიებს რაღაც გაურკვეველ პოზაში ყოფნას და არავის არ აპატიებს რაღაც ორმაგ თამაშს, ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა წითლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები